"მთავარი არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ასტრაზენეკას" ვაქცინები დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დაკარგა და აღნიშნულის გამო, ეკატერინე ტიკარაძის განკარგულებით, NCDС-ში ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტი შევიდა. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ამირან გამყრელიძის შემდეგ კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინები არსად გამქრალა. მისივე თქმით, დროულად მოხდა ვაქცინების მობილიზება იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც კრიტიკულად სჭირდებოდათ.
„ვაქცინები არსად გამქრალა, ჩვენ დროულად გავაკეთეთ ვაქცინების მობილიზება იმ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო მე-10, მე-12 კვირაზე უწყვეტობა.
შიდა აუდიტი დაავადებათა კონტროლის ცენტრში იმყოფებოდა პროცესის მეტად ეფექტიანი მართვისთვის. ისინი დღეს წარმოგვიდგენენ თავიანთ მოსაზრებებს, თუ როგორ უნდა იმართოს პროცესი, რომ „ასტრაზენეკას“ აცრით პროცესში არ შეექმნათ პრობლემები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ და დასძინა, რომ დღის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტრო თავის დასკვნას დადებს.




























