მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკლესიას შეეძლო მოეთხოვა ტყეები ულიმიტოდ" - როგორ განმარტავს სამინისტრო "ტყის კოდექსს"

5e4a8185b9a46
ინგა მურუსიძე
17.02.20 16:06
2056
"ეკლესიას შეეძლო მოეთხოვა ტყეები განუსაზღვრელი რაოდენობით, ხოლო ახალი კოდექსით ვაწესებთ კონტროლს", - ამის შესახებ bm.ge-ის ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა განუცხადა.

როგორც ცნობილია, პარლამენტში დაიწყო განხილვები ახალ „ტყის კოდექსზე“, რომლის ინიციატორი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. ინიციატივის თანახმად, ეკლესიების გარშემო 20 ჰა-მდე ტყის საპატრიარქოსთვის გადაცემა დასაშვები ხდება. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტზე საუბარი და განხილვა მიმდინარეობს უკვე არაერთი წელია, ეკლესიებისთვის ტყის გადაცემის საკითხს აჟიოტაჟი მოჰყვა, რაც გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისთვის გაურკევევლია.

ნათია იორდანიშვილმა კანონპროექტის ძირითადი არსი და მიზნები განმარტა და bm.ge-ის რამდენიმე კითხვას უპასუხა:

"ახალ "ტყის კოდექსთან" დაკავშირებით, კერძოდ, საეკლესიო ტყეების ნაწილზე, არასწორი ინტერპრეტაციას ჰქონდა ადგილი. სამწუხაროდ, არავინ დაინტერესდა, ენახა, თუ რა არის სტატუსკვო ამ საკითხთან მიმართებაში და რას ცვლის კოდექსი ამ მიმართულებით. ეკლესიას, ამ შემთხვევაში, აქვს კონსტიტუციური შეთანხმება, კონკორდატი, რომელიც არის კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილი და ამ შეთანხმების თანახმად, მას აქვს პრივილეგიები ქონებასთან, მიწასთან დაკავშირებით. კონკორდატში ქონების უსასყიდლოდ გადაცემაზე არის საუბარი. ტყის კოდექსის დღევანდელ, 1999 წლის რედაქციაში არის განსაზღვრული, რომ ეკლესიას შეეძლო განუსაზღვრელი რაოდენობის ტყე  მოეთხოვა, რომ მიჩენის პრინციპით გადაცემოდა. ეს, ფაქტობრივად,  საკუთრებაში გადაცემას ნიშნავს, რადგან გულისხმობს 20-49 წელი მართვაში გადაცემის უფლებას. ამ გზით, 2006-2010 წლების განმავლობაში, დაახლოებით, 1600 ჰა ტყის მასივი აქვს გადაცემული ეკლესიებს, მიმდებარე ტერიტორიებზე და მათ შეეძლოთ განუსაზღვრელი რაოდენობით მოეთხოვათ ტყეები"

რას ცვლის ახალი "ტყის კოდექსი"? 

"ახალმა კოდექსმა შეზღუდა გადასაცემი ტერიტორიის ფართობი - ეს არის არა უმეტეს 20 ჰა-ისა. ეს მონაცემი შედგენილია მეტყეური პრინციპით, რადგან ჩვენთვის ყველაზე პატარა სამეურნეო ტერიტორია არის ლიტერი, რაც ნიშნავს, რომ იქ არის ერთგვაროვანი ტყე და მოითხოვს ერთგვაროვან მართვას. კანონპროექტით დაკონკრეტდა, რომ ტყე გადაეცემა მხოლოდ იმ ეკლესიას, რომელიც მდებარეობს ტყეში.

რაც შეეხება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეს არის არაკონსტიტუციური, აქ საზოგადოება ერთ ნაწილში შეჰყავთ შეცდომაში. კი ბატონო, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო უსასყიდლოდ ქონების გადაცემა. კოდექსში კი წერია, რომ ტყის გადაცემა უნდა მოხდეს „ქონების შესახებ კანონით“ ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ეს იქნება სასყიდლიანი გადაცემა. ეს არც იმას ნიშნავს, რომ აპრიორში ხვალვე ყველა ეკლესია-მონასტერს ჩამოვურიგებთ ტყეებს, 20-20 ჰა-ს, ეს იქნება მოთხოვნაზე დაფუძნებული; თუკი ეკლესია მოითხოვს ტერიტორიას, უნდა წამოაყენოს მოთხოვნა, მოხდეს მისი განხილვა და მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას ტერიტორიის გადაცემა-არგადაცემაზე".

რატომ დადგა ეკლესიებისთვის ტყის გადაცემის საკითხის კოდექსით დარეგულირება დღის წესრიგში?

"აქამდე არსებული მიჩენის წესი იყო ხარვეზიანი და მხოლოდ გეკუთვნის-არგეკუთვნის პრინციპზე დაფუძნებული. არ იყო გაწერილი თუ რა უფლებები აქვს სახელმწიფოს და რა უფლებები - საპატრიარქოს; ახალი კანონი ამბობს, რომ თუ საპატრიარქოს გადაეცემა ეს ტერიტორია, მასზე ავტომატურად გავრცელდება "ტყის კოდექსი" და ეკლესიას ექნება ვალდებულება, ტყის ფონდი კანონის მიხედვით მართოს. ჩვენ ვიღებთ ახალ "ტყის კოდექსს", რომლითაც ქვეყანა იღებს ძალიან მნიშვნელოვან კანონს იმ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსზე, რაც გააჩნია".

როგორია საპატრიარქოს პოზიცია ახალ "ტყის კოდექსთან" დაკავშირებით?

"განხილვებში საპატრიარქო იყო ჩართული და საკმაოდ ცხარე დისკუსიებიც წარიმართა. ბოლო ვარიანტი არის შეჯერებული და ეკლესიამ უკვე გააცნობიერა, რომ ტყის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულებები დაეკისრებათ. შემიძლია ვთქვა, რომ მანამდე ცოტა სხვა წარმოდგენები ჰქონდათ. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ჩანაწერი, რომელიც აუმჯობესებს დღევანდელ მდგომარეობას".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები