მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეკო ბუნაგი“ - რას სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების მწარმოებელი მომხმარებელს?

6193647c52f4a
ვიქტორია მღებრიშვილი
16.11.21 21:21
1754
„ეკო ბუნაგი“ ხის სათამაშოების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ოთხი წლის წინ თავდაპირველად მონტესორის სკოლის მეთოდებზე დაყრდნობით ეკოლოგიურად სუფთა ავეჯს აწარმოებდა. განმავითარებელი სათამაშოების წარმოება კი კომპანიის დამფუძნებლებმა ნიკა გელაშვილმა და თამარ სისაურმა ორი წლის წინ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ავეჯის საწარმოში შვილისთვის მონტესორის მეთოდის გამოყენებით პირველი განმავითარებელი სათამაშო შექმნეს. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ სისაური უყვება.

დღეს 3 000 ლარის საწყისი კაპიტალით შექმნილი „ეკო ბუნაგის“ მცირე წარმოება, საბურთალოზე, სამხატვრო კავშირის სამეწარმეო ეზოში დღიურად რვა დასახელების 15-20 ცალ სათამაშოს ამზადებს და სამ ადამიანს ასაქმებს.

„მთავარი მიზანი ეკოლოგიურად სუფთა და ხელმისაწვდომი ღირებულების მქონე სათამაშოების წარმოებაა. ვიყენებთ რამდენიმე სახეობის ნატურალურ, ფოთლოვან ხის მასალას და ეკოლოგიურად სუფთა, სერტიფიცირებულ და გერმანული წარმოების, სათამაშოებისთვის განკუთვნილ საღებავს. ხის მასალისთვის ადგილობრივი ბაზარი ამ ეტაპზე სრულად გვაკმაყოფილებს, თანაც ხარისხობრივად ქართული ფოთლოვანი ხის მასალა გაცილებით უკეთესია, ვიდრე იმპორტირებული. რაც შეეხება საღებავს, ამასაც საქართველოში, თუმცა მხოლოდ ოფიციალური წარმომადგენლებისგან ვყიდულობთ“, - განმარტავს „ეკო ბუნაგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ სისაური.



დღეისთვის „ეკო ბუნაგის“ სათამაშოების შეძენა ონლაინ, "ფეისბუქისა" და "ინსტაგრამის" საშუალებით და ასევე უკვე ბათუმში, "მადელაინის" მაღაზიაშია შესაძლებელი. დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ სათამაშოები მათი ხარისხის გათვალისწინებით ყველასთვის ხელმისაწვდომია.

„ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და განმავითარებელი სათამაშო ფუფუნების საგანთან არ უნდა ასოცირდებოდეს, რადგან ასეთი სათამაშო ბავშვის განვითარებისთვისაა საჭირო. ამასთან არ უნდა გვიწევდეს მშობლებს იმაზე ფიქრი რა სახის საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს სათამაშო ჩვენი შვილისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ასეთი სათამაშოს ღირებულება. გავითვალისწინეთ ყველა ფაქტორი - ადგილობრივების ეკონომიკური მდგომარეობა და ჩვენი აზრით, ხელმისაწვდომი ღირებულება შევარჩიეთ, შესაბამისად ჩვენი ხელნაკეთი, ეკოლოგიურად სუფთა, ხის განმავითარებელი სათამაშოების ფასი 20-დან 50 ლარამდე მერყეობს“, - აღნიშნავს მწარმოებელი.

სტარტაპის დამფუძნებელი მცირე წარმოების პირობებშიც კი არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მთავარი გამოწვევა კვალიფიციური კადრის მოძიებაა.

„ყველა კვალიფიციური დურგალი უკვე დაკავებულია თავისი საქმით, ჩვენი თაობის წარმომადგენლებში კი დურგლობა რატომღაც მისაღები საქმე არაა და ამ საქმით, რა თქმა უნდა, დასაქმების პერსპექტივით ადგილზე შესწავლის პირობებითაც სამწუხაროდ ნაკლებია დაინტერესება“, - აღნიშნავს თამარ სისაური.



ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოების მწარმოებლები გაჩერებას არ აპირებენ და მომავალში ადგილობრივი ბაზრის გარდა, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლასაც გეგმავენ.

„ჩვენი პირველი და მთავარი მიზანი სახელოსნოს გაფართოება, თანამშრომლების დამატება, წარმოების გაზრდა და ჩვენი საკუთარი მაღაზიის გახსნაა. ამ ეტაპზე კი ვცდილობთ გზის გაკვალვას ორ ყველაზე პოპულარულ ონლაინ პლატფორმაზე“, - აღნიშნა თამარ სისაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები