მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეკოლოგიურად სუფთა ავეჯს მალე ექსპორტზე გავიტანთ“ – „ოთახის“ სამომავლო გეგმები

646b6801824a3
ნანუკა ნარიმანიძე
22.05.23 21:30
605
ეკოლოგიურად სუფთა ავეჯის კომპანია „ოთახი“ მალე ექსპორტზე გავა - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თათა ჯანაშიამ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„ჩვენი ლოგისტიკური გუნდი აქტიურადაა ჩართული ამ საქმეში და იძიებს უცხოურ ბაზრებს, რამდენიმე ქვეყანა გვაქვს შერჩეული, ვაზუსტებთ დეტალებს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ჩვენს მომხმარებელს ძალიან მალე დავუბრუნდებით სიახლეებით, ჯერ-ჯერობით ქვეყნების დასახელებისგან თავს შევიკავებ“, - ამბობს ის.

დამფუძნებლის თქმით, კომპანიას ექსპორტზე გასვლა აქამდეც სურდა, თუმცა, ბაზარზე პროფესიონალი კადრების ნაკლებობა მთავარ დაბრკოლებად იქცა. 

„დიდი ხანია გვინდა ექსპორტზე გასვლა, მაგრამ, ჩვენი მთავარი პრობლემა პროფესიონალი კადრების მოძიება იყო, რის გამოც მხოლოდ საქართველოს მასშტაბით მოგვიწია რეალიზება. ახლა გვყავს სტაჟიორები, რომლებსაც ჩვენით ვასწავლით ხელსაქმეს და ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შემდეგ ჩვენთან ვასაქმებთ“, - განმარტავს ის.

კითხვაზე - აპირებს თუ არა კომპანია რეგიონებში გასვლას, თათა ჯანაშია პასუხობს:

„ჩვენ გვინდა მთლიანად მოვიცვათ ქართული ბაზარი, რეგიონებიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით ბათუმიდან, ჩვენი პროდუქციის 30% ბათუმში გადის, თუმცა, ამ ეტაპზე რეგიონებში საწარმოს გახსნას არ ვგეგმავთ, ვინაიდან გვაქვს მიწოდების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით, მანძილი პრობლემას არ წარმოადგენს“’, - დასძინა მან.

ამასთან, დამფუძნებელმა საფასო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომია.

„მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი პროდუქტი ყველა ტიპის მომხმარებლისთვის იყოს ხელმისაწვდომი, მასალებს შორის რამდენიმე არჩევანი გვაქვს, შესაბამისად საფასო სეგმენტიც დალაგებულია. გვინდა ქართველი მომხმარებლისთვის პროდუქტის ფასი მისაღები იყოს“, - ამბობს ის.

ცნობისთვის: "ოთახი“ წელიწადზე მეტია, რაც საქართველოს ბაზარზე აქტიურად ოპერირებს, კომპანია სულ რაღაც 300 ევროიანი ინვესტიციით შეიქმნა და წარმოება დამფუძნებლის საკუთარ სადარბაზოში, შემდეგ კი პატარა სახელოსნოში გააგრძელა, ამის შემდეგ კომპანიამ საწარმო გახსნა, რომელიც ვარკეთილში, ჯავახეთის 143 ნომერში მდებარეობს, საწარმოს გვერდით განთავსებულია შოურუმი, სადაც მომხმარებელს ავეჯის შეძენა შეუძლია. კომპანია ავეჯისთვის საწირო ნედლეულს არსებული ბაზრიდან იღებს. „ოთახი“ ამჟამად 10 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები