საქართველოში წარმოებული "ჭკვიანი ბეჭდები", რომლებსაც ტექნოლოგიური სტარტაპი Cnick აწარმოებს, ამიერიდან ბერლინში, Mall of Berlin-ში გახსნილ ბრენდირებულ მაღაზიაში გაიყიდება. ამის შესახებ cnick-ი საკუთარი სოციალური ქსელებიდან იტყობინება.
“კნიკის" გუნდმა მრავალი დაბრკოლების და სირთულის გადალახვის შემდეგ, ბერლინის გულში, კონკრეტულად კი Mall of Berlin-ში გავხსენით უნიკალური დიზაინის მქონე მაღაზია, სადაც მომხმარებლებს მრავალფუნქციურ "ჭკვიან ბეჭედს" შევთავაზებთ. ჩვენ შევქმენით შოურუმის უნიკალური დიზაინი, რომელიც გამოხატავს მომავალში გახსნილ პორტალებს და ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის განსაკუთრებულ ხედვას. თითოეული დიზაინის დეტალი შექმნილია ჩვენი გუნდის მიერ”, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც “კნიკის” დამფუძნებელი, კობა ცერცვაძე BM.GE-სთან განმარტავს, მაღაზიის გასახსნელად გერმანია პარტნიორთა დიდი ქსელის გამო შეირჩა.
“ბერლინში პირველი მაღაზია 1-ელ თებერვალს გავხსენით. შოურუმში არის წარმოდგენილი ბეჭდები რომლებიც არის ვერცხლის, ოქროს, კერამიკის და ხის მასალისგან დამზადებული. ამ ბაზარზე შესასვლელად მთავარი მიზეზი ის იყო, რომ გერმანიაში გვყავს პარტნიორთა ბანკების ყველაზე დიდი ქსელი. გარდა ამისა, გერმანიის ბაზარი ძალიან დიდია”, - ამბობს კობა ცერცვაძე.
შეგახსენებთ, რომ cnick-ი ჭკვიან ბეჭდებს აწარმოებს, რომლებიც საგადამხდელო ფუნქციასთან ერთად, ავტომობილის, ამ ეტაპზე მხოლოდ Tesla-ს, გასაღების თვისებებსაც ირგებს.
cnick-ის დამფუძნებელი bm.ge-სთან საუბარში ასევე აღნიშნავს, რომ სტარტაპისათვის გასული 2023 წელი წარმატებული აღმოჩნდა - კომპანიამ ბეჭდების ახალი პატენტები შეიმუშავა.
“2023 წელი იყო წარმატებული როგორც შემოსავლების და გაყიდვების ზრდის მხრივ, ასევე პროდუქტის განვითარების მხრივ. შევქმენით ვერცხლისა და ოქროს პირველი ჭკვიანი ბეჭდები, რომლებზეც პატენტიც გვაქვს შევსებული (Pending patent)”, - განმარტავს “კნიკის” დამფუძნებელი და დასძენს, რომ კომპანია 2024 წელს პროდუქტის განვითარებასა და დახვეწაზე, ასევე გაყიდვების ზრდაზე იმუშავებს.
cnick-ი გლობალურ ბაზარზე აქტიურად 2019 წლიდან ოპერირებს და ჭკვიანი ბეჭდების რეალიზაციას 20-ზე მეტ ქვეყანაში ახდენს.