მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბერლინში 8 სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა | ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინოები

ბერლინში ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა, სადაც სტუმრებს რვა სახეობის ქართული ღვინის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიების მიზანი ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება და გერმანიის ბაზარზე მისი ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა იყო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გამართული ღონისძიება სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის, ff.k Public Relations-ის ორგანიზებით ჩატარდა. ქართული ღვინის წარდგენას გერმანელი სომელიეები ვილი შლეგლი და იოჰანეს შელჰორნი ქართველ მეღვინეებთან, იაგო ბიტარიშვილსა და მიხეილ ჭონიშვილთან ერთად უძღვებოდნენ. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო „იაგოს მეღვინეობისა“ და „ჭონას მარნის“ ღვინოებიც.

ქართული ღვინის პოპულარიზაცია დეგუსტაციით არ დასრულდება. ვილი შლეგლი საკუთარ ბარში ერთი კვირის განმავლობაში რეგულარულ მენიუში ქართული ღვინის სამ ნიმუშს დაამატებს, რაც გერმანელ მომხმარებლებს მათი დაგემოვნების შესაძლებლობას მისცემს.

გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ff.k Public Relations-თან 2021 წლიდან თანამშრომლობს. ამ პერიოდში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში იმართება დეგუსტაციები და სემინარები ღვინის პროფესიონალებისთვის, ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის. პარალელურად, ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ტარდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები, ხოლო უცხოელი ჟურნალისტები, სომელიეები და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლები საქართველოში ღვინის ტურებში მონაწილეობენ.

თუ სტატისტიკურ მონაცემებს შევხედავთ, გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი ზრდას განაგრძობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან გერმანიაში 1.14 მილიონ ლიტრამდე ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 28%-ით აღემატება.

ამასთან, საქსტატი 19 ოქტომბერს საგარეო ვაჭრობის ცხრა თვის დეტალურ მონაცემებს გამოაქვეყნებს. მანამდე ხელმისაწვდომი იანვარ-აგვისტოს სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ღვინის იმპორტის ღირებულებამ 4.9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 32.8%-ით მეტია. საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 1.02 მილიონი ლიტრი ღვინო შემოვიდა, რაც წლიურად 28.8%-იანი ზრდაა. გასული წლის იანვარ-აგვისტოში ღვინის იმპორტის ღირებულება 3.69 მილიონი დოლარი, მოცულობა კი 790 ათასი ლიტრი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები