სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2025 წლის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები და სხვადასხვა სახის მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2025 წელი საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დაიწყო, განსაკუთრებით პირველი კვარტალი, რომელიც საშუალოდ 9,9%-იანი ეკონომიკური ზრდით განისაზღვრა. შემდეგ ზრდის ტემპი გარკვეულწილად, შენელდა: 7,4% და 6,4%-ია მომდევნო კვარტლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. დღეის მდგომარეობით, ნოემბრის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ჩათვლით, 2025 წლის 11 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7,5%-ია.
გოგიტა თოდრაძემ საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ დინამიკაზეც ყურადღება გაამახვილა. მისი თქმით, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა სომხეთში დაფიქსირდა, თუმცა საქართველო სტაბილურ მაჩვენებლებს ინარჩუნებს.
„ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი სომხეთში შეინიშნებოდა, 11 თვის მონაცემებით ეს 8.3 პროცენტს შეადგენს... აზერბაიჯანში 11 თვის საშუალოა 1.6%, თურქეთში 3.7%, ხოლო რუსეთში 0.6%“, - განაცხადა თოდრაძემ.
რაც შეეხება შიდა ეკონომიკურ სტრუქტურას, 2025 წელს ზრდის მთავარი კონტრიბუტორები ინფორმაციისა და კომუნიკაციის, განათლების, საფინანსო და უძრავი ქონების სექტორები იყო. თუმცა, კლება დაფიქსირდა მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის დარგებში.
გასული წელს გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელიც. 9 თვის მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობა 11%-ით აღემატება 2024 წლის მონაცემებს და 1.296 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15%-ით მეტია. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეულში თურქეთი, აშშ და გაერთიანებული სამეფო შედიან. რაც შეეხება სექტორებს, თითქმის მეოთხედი მოდის საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორზე, სტრუქტურაში მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორი, 13%-იანი წილით და შემდეგ მოდის დამმუშავებელი მრეწველობა და ტრანსპორტის სექტორი.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, საგარეო ვაჭრობის ნაწილში ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს - 6.6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის მონაცემებს 10 პროცენტით აღემატება.
ზრდის მთავარი მამოძრავებელია ავტომობილების რეექსპორტი, ძვირფასი ლითონების მადნები და სპირტიანი სასმელები. საინტერესოა იმპორტის სტრუქტურაც: 2024 წლის 11 თვისგან განსხვავებით, პირველ სამეულში ყირგიზეთის და ყაზახეთის გარდა გვხვდება ასევე რუსეთის ფედერაცია. იმპორტის მაჩვენებელიც წინა წელთან შედარებით, გაზრდილია 9,3%-ით და 16,7 მლრდ დოლარია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა მსუბუქ ავტომობილებს, ნავთობპროდუქტებს და მედიკამენტებს.
„უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები, გამომდინარე იქიდან, რომ ავტომობილების უდიდესი ნაწილი სწორედ იქიდან იმპორტირდება. შემდეგ მოდის თურქეთი და შემდეგ ჩინეთი“, - განმარტა საქსტატის ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება ინფლაციას, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2025 წელს 4 პროცენტია. ფასების მატება ძირითადად სურსათზე (ზეთი, ცხიმი, პური, თევზი) შეინიშნებოდა, თუმცა, გოგიტა თოდრაძის თქმით, კავშირგაბმულობის მომსახურებაზე ფასებმა დაიკლო.
„ერთ-ერთი საინტერესო საკითხია დასაქმების, უმუშევრობის და ხელფასების სტატისტიკის მაჩვენებლები. უმუშევრობის დონემ 2024 წელს 13.4 პროცენტი შეადგინა. 2025 წლის მხოლოდ სამი კვარტლის მონაცემებია ხელმისაწვდომი და 14.1 პროცენტს შეადგენს. თუ დავაკვირდებით, პირველ კვარტალში შედარებით მაღალია უმუშევრობის დონე და ამას განაპირობებს ძირითადად სასოფლო-სამეურნეო აქტივობები, რომლებიც დაბალი აქტივობით გამოირჩევა ხოლმე პირველ კვარტალში” - ამბობს გოგიტა თოდრაძე.
დასაქმების სტრუქტურაში, დაახლოებით 70 პროცენტი დაქირავებულით დასაქმებულია, დანარჩენი თვითდასაქმებულია სხვადასხვა სექტორში. ასევე მზარდია საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის რაოდენობა, 2025 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 10.4 პროცენტით გაიზარდა, ნომინალური ხელფასი კი, დაახლოებით 2300 ლარს შეადგენს.
“ეს გახლავთ დარიცხული ხელფასი და აქვე წარმოდგენილია განსხვავება ქალისა და კაცის ხელფასებს შორის - დაახლოებით 900 ლარით აღემატება კაცის ხელფასი ქალის ხელფასს.“
სოციალური კუთხით, მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი სიღარიბის დონის შემცირებაა.
“აბსოლუტური სიღარიბის დონე 2.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული და 9.4 პროცენტს შეადგენს 2024 წლის მდგომარეობით. ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები, რომლებიც ორ პარამეტრს აერთიანებს - მედიანური მოხმარების 60 პროცენტის მიმართ და 40 პროცენტის მიმართ - ამ შემთხვევაშიც კლების ტენდენციაა. რაც შეეხება შემოსავლების დიფერენციაციის ზომას, ჯინის ინდექსი, რომელიც ნულიდან ერთამდე მერყეობს, მოგეხსენებათ. თუ ახლოს არის ნულთან, ე.ი. შემოსავლები თანაბრადაა განაწილებული, რაც უფრო ახლოსაა ერთთან, აბსოლუტურ უთანაბრობას გვიჩვენებს აღნიშნული მაჩვენებელი. ჩვენს შემთხვევაში ეს გახლავთ 0.35 და მცირედით არის, ძალიან მცირედით არის გაუმჯობესება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით" - აღნიშნა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა.




























