ეკონომიკის აღდგენის საკითხი დროში აღარ უნდა გადაიდოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
„დღეს მთავრობის მუშაობის რეჟიმში ვუბრუნდებით ჩვეულებრივ დღის წესრიგს, რის საშუალებასაც გვაძლევს სიტუაცია, რომელსაც მართავს ჯანდაცვის სამინისტრო. თუმცა, უნდა ვისწავლოთ ამ გამოწვევის მართვა, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყოველი მთავრობის სხდომის დაწყება მოგვიწევს ეპიდემიასთან ბრძოლის ღონისძიებებით და შემდგომ გადავალთ ეკონომიკურ თემებზე. ჩვენს მიერ მიღებულ ყველა ნაბიჯში ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი არის ეპიდემილოგიური მონაცემის სწორი ანალიზი. დღეს ვიბრძვით ორ ფრონტზე და დროთა განმავლობაში მეორე ფრონტი, ეკონომიკური აღდგენის გრაფიკი გადმოდის პირველ რიგში და ეს საკითხი ხდება სულ უფრო და უფრო აქტუალური, ხოლო მისი მოგვარება დროში აღარ უნდა გადაიდოს. თუმცა, თუ ყველა რეკომენდაცია რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს, არ შესრულდა, ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი გაგვიჭირდება“, - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ეკონომიკის გახსნის გეგმა შეიძლება ცოტა ადრე დაიწყოს, თუ მოქალაქეები სოციალურ პასუხისმგებლობას გაიზიარებენ.




























