შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა, რომელიც ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიას 1967 წლიდან გასცემს, 2025 წლის გამარჯვებულები დაასახელა. წელს ეს ჯილდო სამ ეკონომისტს, ჯოულ მოკიერს ფილიპ აგიონს და პიტერ ჰავიტს ინოვაციური ეკონომიკური ზრდის ახსნა-განმარტებისთვის გადაეცათ.
ნობელის კომიტეტმა პირველად ამერიკელ-ისრაელელი ეკონომიკის ისტორიკოსი, ნორთვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯოულ მოკიერი დაასახელა. მას ჯილდო ისეთი ეკონომიკური ფაქტორების გამოვლენისთვის გადაეცა, რომლებიც ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში მდგრად ზრდას უწყობს ხელს.
კიდევ ერთი გამარჯვებული ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, წარმოშობით ფრანგი ეკონომისტი ფილიპ აგიონი გახდა. როგორც ნობელის კომიტეტი განმარტავს, მის მიერ შექმნილი თეორია ხსნის, როგორ განაპირობებს ინოვაცია და მოძველებული ტექნოლოგიების ჩანაცვლება მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. ამავე დამსახურებისთვის მიიღო პრიზი მესამე გამარჯვებულმა, კანადელმა ეკონომისტმა, პიტერ ჰავიტმა.
ცნობისთვის, ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის გაცემა ნახევარი საუკუნის წინ, 1969 წელს დაიწყო. განსხვავებით მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურისა და მშვიდობის კატეგორიებისგან, ალფრედ ნობელს ანდერძში არაფერი ეწერა ეკონომიკის მიმართულებით ჯილდოს გაცემაზე. შესაბამისად, ის მხოლოდ მოგვიანებით, შვედეთის ცენტრალური ბანკის ინიციატივით დაინერგა.
1969 წლიდან დღემდე ეკონომიკის დარგში ჯილდო 56-ჯერ გაიცა. ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი 46 წლის ფრანგულ-ამერიკული წარმოშობის ეკონომისტი, ესტერ დუფლო იყო, რომელმაც ჯილდო 2019 წელს აიღო. მას პრემია გლობალური სიღარიბის შემცირების მიზნით ინოვაციური ექსპერიმენტის ჩატარების გამო გადაეცა. ყველაზე ასაკოვანი ეკონომისტი კი, რომელსაც ჯილდო 90 წლის ასაკში ერგო, ლეონიდ ჰურვიცი იყო. მან სისტემურ ეკონომიკაში შექმნა მექანიზმის მოწყობისა და აღსრულების თეორია, რომელიც ცენტრალურ როლს თამაშობს მრავალ სფეროში. ასევე პოლიტიკურ მენციერებაშიც.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ნობელის შვედურმა და ნორვეგიულმა კომიტეტებმა ჯილდოები 5 ტრადიციულ კატეგორიაში გასცეს. კვირა მედიცინის დარგში ლაურეატის დასახელებით დაიწყო. იმუნური სისტემის მიმართულებით მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენის გამო ჯილდო სამმა მეცნიერმა მიიღო.
სამშაბათს დასახელდნენ გამარჯვებული ფიზიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ოთხშაბათს, შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელა.
ვიდრე ნორვეგიის ნობელის კომიტეტი მშვიდობის დარგში გამარჯვებულს დაასახელებდა, მსოფლიოს ყურადღება უნგრელმა მწერალმა, ლაზლო კრაზნაჰორკაიმ მიიპყრო. ის ლიტერატურის დარგში პრემიის ლაურეატად ხუთშაბათს გამოცხადდა.
ხოლო კვირის კულმინაცია მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის დასახელება იყო. როგორც ცნობილია, მისი მიღება ამერიკის 45-ე და 47-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს განსაკუთრებით სურდა და ამის მზაობაც არაერთხელ გამოხატა. თუმცა საბოლოოდ გამარჯვებული სულ სხვა აღმოჩნდა.
ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის დასახელებით 2025 წლის გამარჯვებულების გამოვლენა დასრულებულია. ცხადია, უცნობია, ვინ მოიპოვებს ჯილდოს მომავალ წელს, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღებას მომავალ წელს კიდევ ერთხელ ცდის. აღსანიშნავია, რომ მის კანდიდატურას მხარს არაერთი ქვეყნის ხელისუფლება უჭერს მხარს.




























