მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპმა ნობელის მშვიდობის პრემია ვერ მიიღო - ვინ გახდა გამარჯვებული?

ამერიკის პრეზიდენტი

ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დაასახელა. 2025 წელს ეს ჯილდო მარია კორინა მაჩადოს ერგო.

ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პრეს-რელიზის თანახმად, მას ჯილდო ვენესუალეას მოსახლეობის დემოკრატიული უფლებების დაუღალავი დაცვისა და დიქტატურიდან დემოკრატიულ მართვის მოდელზე ქვეყნის მშვიდობიანი და სამართლიანი გადაყვანისთვის ბრძოლაში გადაეცა.

რაც შეეხება თავად მაჩადოს, ის არის ვენესუელელი პოლიტიკოსი და ადგილობრივი ოპოზიციის აქტიური ლიდერი, რომელიც 2011-2014 წლებში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატიც იყო.

მაჩადო პოლიტიკაში 2002 წელს მოვიდა და ათ წელიწადში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაც სცადა, თუმცა შიდა-პარტიულ არჩევნებში ენრიკე კაპრილესთან დამარცხდა. ვენესულელი პოლიტიკოსი აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2014 წლის ანტისამთავრობო გამოსვლებში. 2023 წელს მაჩადომ ხელახლა სცადა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ მას კანდიდატურის დაყენების უფლება არ მისცა.

გასული წლის აგვისტოში პოლიტიკოსმა The Wall Street Journal-ში წერილი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მიიღო მიმალვის გადაწყვეტილება. ამის მიზეზად კი მან მადუროს დიქტატორული რეჟიმის მხრიდან მომავალი სიცოცხლის მოსპობის მუქარა დაასახელა. როგორც ნობელის პრემიის ვებგვერდზეა აღნიშნული, ის დღემდე იძულებით მიმალვაში იმყოფება, თუმცა ქვეყანას არ ტოვებს და მილიონობით ადამიანს თავისი შეუპოვრობით შთააგონებს.

ცნობისთვის, ნობელის მშვიდობის პრემიის მიღება განსაკუთრებულად ამერიკის 47-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურდა, რომელმაც ინტერესი არაერთხელ გამოხატა. შტატების ლიდერი მოელოდა, რომ მას ჯილდო მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე არაერთი ომის გაჩერებისა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობისთვის გადაეცემოდა. ეს მოლოდინი განსაკუთრებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც ტრამპის სამშვიდობო შეთანხმების პირველ ფაზაზე ისრაელმა და ჰამასმა შეთანხმებას მიაღწიეს.

შეგახსენებთ, ნობელის მშვიდობის პრემია 1901 წლიდან გაიცემა და მისი არსებობის 124-წლიანი ისტორიის მანძილზე, ის 105-ჯერ გაიცა. დასახელებული 124 ლაურეატიდან ყველაზე მეტი - 45%, წარმოშობით ევროპიდანაა, ყველაზე ცოტა გამარჯვებული კი სამხრეთ ამერიკიდანაა, სადაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მხოლოდ 3 ადამიანს ერგო. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს ამ კატეგორიაში გამარჯვება მარტინ ლუთერ კინგმა, ნელსონ მანდელამ, დედა ტერეზამ, მალალა იუსაფზაიმ და ბარაკ ობამამ მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ მალალა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა. მან ჯილდო 2014 წელს მიიღო, როცა 17 წლის იყო. ხოლო ყველაზე ხანდაზმული 86 წლის პოლონელი ფიზიკოსი, იოსებ როტბლატი იყო.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნობელის ნორვეგიულმა და შვედურმა კომიტეტებმა სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულების დასახელება ორშაბათს, 6 ოქტომბერს დაიწყეს. გუშინ ჯილდო ლიტერატურის დარგში გაიცა და მისი მფლობელი უნგრელი მწერალი, ლაზლო კრაზნაჰორკაი გახდა. გასულ დღეებში ასევე დასახელდნენ მედიცინის, ფიზიკისა და ქიმიის დარგში გამარჯვებულებიც. რაც შეეხება ნობელის პრემიის ლაურეატს ეკონომიკის მიმართულებით, მისი ვინაობა ორშაბათს, 13 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები