მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დასახელდა - ვინ მოიპოვა ჯილდო?

ფიზიკა

ფიზიკის დარგში მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენისთვის შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ჯილდო ჯონ კლარკს, მიშელ დევორეს და ჯონ მარტინისს გადასცა. როგორც ნობელის პრემიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიგებთ, ჯილდო კალიფორნიის უნივერსიტეტის 3 მეცნიერს კვანტური მექანიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენის გამო გადაეცა.

აქამდე ფიზიკის დარგში ნობელის პრემია 118-ჯერ გაიცა. ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი 25 წლის ლოურენს ბრაგი გახდა. ხოლო ყველაზე ხანდაზმული 96 წლის არტურ აშკინი გახდა, რომელმაც ჯილდო 2018 წელს მიიღო.

შეგახსენებთ, ნობელის კომიტეტმა 2025 წლის ლაურეატების დასახელება გუშინ, 6 ოქტომბერს დაიწყო. პირველი გამარჯვებულები მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მერი ბრუნკოვი, ფრედ რამსდელი და შიმონ საკაგუჩი გახდნენ. მათ ჯილდო იმუნური სისტემის მიმართულებით მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენის გამო მოიპოვეს.

ცნობისთვის, ნობელის პრემია მეცნიერების სხვადასხვა დარგში, ასევე მშვიდობის დამყარებაში შეტანილი წვლილისთვის 1901 წლიდან ყოველწლიურად გაიცემა. მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი, ვინ მიიღებს ჯილდოს ქიმიის, ლიტერატურისა ეკონომიკის დარგებში. პარასკევს, 10 ოქტომბერს დასახელდება, ვინ გახდება მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატიც. სწორედ ეს კატეგორია იქცევს ახლა განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან, როგორც ცნობილია, მისი მიღება ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა დროს ეს ჯილდო მარტინ ლუთერ კინგს (1964), დედა ტერეზეას (1979), ნელსონ მანდელას (1993), მალალა იუსაფზაის (2014) და ბარაკ ობამას აქვთ მიღებული. შტატების 44 პრეზიდენტმა ჯილდო 2009 წელს საერთაშორისო დიპლომატიის გაძლიერებაში და ხალხთა შორის დაახლოებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები