მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ არის ლაზლო კრაზნაჰორკაი - ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი

ნობელის პრემია ლიტერატურაში

შვედეთი სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ დღეს, 9 ოქტომბერს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაუერატი დაასახელა. წელს მისი მფლობელი უნგრელი პოსტმოდერნისტი მწერალი, ლაზლო კრაზნაჰორკაი გახდა.

71 წლის ნოველისტს ჯილდო შთამაგონებელი და გამორჩეული ხედვის მქონე შემოქმედების გამო გადაეცა. ნობელის პრემიის ოფიციალურ გვერდზე მისი გამორჩევა შემდეგნაირად განიმარტა:

“2025 წლის ნობელის პრიზი ლიტერატურაში მიიღო უნგრელმა ავტორმა, ლაზლო კრაზნაჰორკაიმ. აპოკალიფსური ტერორის შუაგულში შექმნილი შთამაგონებელი და გამორჩეული ხედვის მქონე შემოქმედებისთვის. შემოქმედებისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რა ძალა აქვს ხელოვნებას.”

კრაზნაჰორკაი 1954 წელს, ებრაული წარმოშობის ოჯახში დაიბადა. განათლება კი იოსეფ ატილას უნივერსიტეტში, იურიდიული განხრით მიიღო. მოგვიანებით მან ცოდნა უნგრულ ენასა და ლიტერატურაშიც გაიღრმავა, როცა ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ჩააბარა.

უნივერსიტეტის დასრულებიდან 2 წელიწადში, 1985 წელს პირველი ნოველა, “სატანას ტანგო” დაწერა. აღსანიშნავია, რომ ამ ნამუშევარმა მას უნგრელ მკითხველში პოპულარობა მალევე მოუტანა. შემდეგ იყო “წინააღმდეგობის მელანქოლია”, რომელიც 1989 წელს გამოქვეყნდა და რომელმაც მწერალს სახელი საერთაშორისო დონეზე გაუთქვა.

კრაზნაჰორკაი პოსტმოდერნისტ მწერლად ითვლება და მისი წიგნების უმრავლესობა სქელტანიანია. მისი ნამუშევრებისთვის სახასიათოა პოსტ-აპოკალიპტური სცენები და თხრობის არასტანდარტული სტრუქტურა, სადაც მოვლენების განვითარების რამდენიმე ხაზი პარალელურად ვითარდება. 71 წლის მწერლაზე განსაკუთრებული გავლენა იქონიეს კაფკამ და ფოლკნერმა, მოდერნისტმა მწერლებმა, რომლებმაც ტრადიციული რეალიზმი სტილი დაარღვიეს და მკითხველს ცნობიერების ქაოსზე მოუთხრობენ.

ნობელის პრემია ლიტერატურაში 1901 წლიდან გაიცემა და ის ჯამურად 118-ჯერ გაიცა. სხვადასხვა დროს ის მიღებული აქვთ უილიამ ფოლკნერს, გაბრიელ გარსია მარკესს, ბობ დილანს და ალბერ კამიუს.

აღსანიშნავია, რომ შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ნობელის პრემიის ლაურეატების დასახელება 6 ოქტომბერს დაიწყო და გასულ დღეებში გამარჯვებულები მედიცინის, ქიმიისა და ფიზიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დასახელდნენ.

რაც შეეხება მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას, რომლის მიმართაც მსოფლიოს ყურადღება განსაკუთრებულადაა მიმართული, მისი ლაურეატი ხვალ, 10 ოქტომბერს დასახელდება. აღსანიშნავია, რომ მას არა შვედეთის, არამედ ნორვეგიის ნობელის კომიტეტი გასცემს. თავად კომიტეტის წევრებს კი ნორვეგიის პარლამენტი ირჩევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები