შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელა. აღნიშნულ კატეოგრიაში გამარჯვებულებად კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი, სუსუმუ კიტაგავა, მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორი, რიჩარდ რობინსონი და კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, ომარ იაღი დასახელდნენ. მათ ჯილდო მეტალ-ორგანული ჩარჩოების განვითარებისთვის გადაეცათ.
ცნობისთვის, ნობელის პრემიის დაფუძნებიდან დღემდე ჯილდო 116-ჯერ გაიცა. ყველაზე უხუცესი ადამიანი, რომელმაც ამ მიმართულების ლაურეატი გახდა, 97 წლის ჯონ გუდენაფი იყო. ხოლო ყველაზე ახალგაზრდა, 35 წლის ფრედერიკ იოელიოტი, რომელმაც ჯილდო 1935 წელს მოიპოვა.
ქიმიის დარგში ნობელის პრემია სხვადასხვა დრო მიღებული აქვთ: პოლონელ ქიმიკოსს, მარი კიურს, ლინუს პოლინგს, ფრედერიკ სანგერს, დოროთი ჰოჯკინსსა და კარლ შარპლესს. ყველაზე მეტჯერ პრემიის ლაურეატი ამერიკელი მეცნიერები გახდნენ. კერძოდ, გაცემული 116 ჯილდოდან 76 სწორედ მათ ერგოთ. მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებს კი გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი იყოფენ.
ნობელის კომიტეტმა გამარჯვებულების დასახელება ორშაბათს, 6 ოქტომბერს დაიწყო და ჯილდო ფიზიკისა და მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უკვე გაიცა. მათ შორის გუშინ, 7 ოქტომბერს კვანტური მექანიკის მიმართულებით სამეცნიერო აღმოჩენისთვის ჯილდო კალიფორნიის უნივერსიტეტის 3 მეცნიერს გადაეცა.
ხვალ ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში დასახელდება. ეკონომიკური მეცნიერებების კუთხით გამარჯვებულის ვინაობა კი ცნობილი ორშაბათს გახდება. რაც შეეხება ნობელის მშვიდობის პრემიას, მისი მფლობელის ვინაობა 2 დღეში, 10 ოქტომბერს გაირკვევა. შეგახსენებთ, აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვება ამერიკის 47-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს.




























