მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის განვითარების ბანკი ბიუჯეტზე დამოკიდებული არ უნდა იყოს, გარდა არსებული პროგრამებისა - კაკაურიძე

კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე აღნიშნავს, რომ "ეკონომიკის განვითარების ბანკმა" ფისკალური რისკები არ უნდა შექმნას და ახალი საფინანსო ინსტიტუტი არ უნდა იყოს დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტზე გარდა იმ პროგრამებისა, რომლებიც უკვე არსებობს (აწარმოე საქართველოში; მხარდაჭერის პროგრამები). ამასთან, კაკაურიძე აცხადებს, რომ ბანკის პროექტზე უფრო ვრცლად ეკონომიკის სამინისტრო ისაუბრებს, თუმცა ფინანსთა სამინისტროს ჩართულობა ძირითადად უკავშირდება იმას, რომ ახალმა ფინანსურმა ინსტიტუტის შექმნამ ბიუჯეტზე ფისკალური რისკების წარმოქმნა არ განაპირობოს.

როგორც ცნობილია ახალი ბანკი სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში"-სა და ყოფილი "საქართველოს განვითარების ფონდის" შერწყმის საფუძველზე უნდა დაფუძნდეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია თუ რა სახით უნდა მოხდეს ამ ახალი ფინანსური ინსტიტუტის ოპერირება.

"ამ მიმართულებით მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო. რაზეც შეთანხმებულები ვართ, ამ ნაწილში, ამ ბანკმა არ უნდა შექმნას ფისკალური რისკები, არ უნდა იყოს დამოკიდებული ბიუჯეტზე, გარდა იმ პროგრამებისა, რომელიც უკვე არსებობს (აწარმოე საქართველოში, მხარდაჭერის პროგრამები). სხვა შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს ბიუჯეტზე დამოკიდებული ორგანიზაცია და არ უნდა იყოს ფისკალური რისკი ქვეყნისთვის. ეს არის მთავარი პრინციპი, რაზეც შეთანხმებულები ვართ. ამის შემდეგ უკვე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს დეტალებზე.

კიდევ ერთხელ ვამბობ, დეტალებზე საუბრობს ეკონომიკის სამინისტრო. ჩვენი მთავარი პრინციპი რაც იყო, არის ის, რომ ფისკალური რისკები არ უნდა შეიქმნას, ბიუჯეტზე არ უნდა გაიზარდოს ზეწოლა ამ ბანკის მიერ. დანარჩენზე უკვე მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო და მე დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ ვრცელ და დეტალურ ინფორმაციას გამოაქვეყნებს და პრეზენტაციას გააკეთებს ამასთან დაკავშირებით სამინისტრო,"- აღნიშნავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.

4 მარტს საქართველოს პარლამენტმა "საქართველოს განვითარების ფონდის", ანუ ყოფილი "საპარტნიორო ფონდის" ლიკვიდაციას მხარი დაუჭირა. პარლამენტში, ჯერჯერობით, არ დაინიცირებულა კანონპროექტი, რომელიც "ეკონომიკის განვითარების ბანკის" ოპერირების წესებს განსაზღვრავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები