ეკონომიკის მინისტრის მოადგილის და " კორპორაციის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, "ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს უმნიშვნელოვანესი მიმართულებების განვითარებაში, მათ შორის, როგორიცაა - ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება და მთელი რიგი დარგების მხარდაჭერა ახალი ინსტრუმენტებით, ახალი ფინანსური პროექტებით და ახალი მანდატით“.
"კორპორაციასთან მიმართებაში ჩვენ ვსაუბრობთ მანდატის როგორც შინაარსობრივ, ისე დარგობრივ გაზრდაზე", - განაცხადა ნადარეიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა "ეკონომიკის განვითარების კორპორაციის" გენერალური დირექტორი, ირაკლი გაბრიაძე ახალი კორპორაციის გუნდს წარუდგინა. როგორც პრეზენტაციაზე ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა, მათი მიზანია რომ 10-წლიან პერიოდში მონაწილეობა მიიღონ 40 მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა/თანადაფინანსებაში.
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი სსიპ-ის "აწარმოე საქართველოში"-ს რეორგანიზაციის და ყოფილი "საქართველოს განვითარების ფონდის" საფუძველზე დაფუძნდა. კორპორაციის ხელმძღვანელად დაინიშნა ირაკლი გაბრიაძე, რომელიც წარსულში სსიპ “აწარმოე საქართველოში”-ს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ახალი კორპორაცია ძირითადად გადაიბარებს იმ პროგრამებს, რომლებიც "აწარმოე საქართველოში"-ს ჰქონდა, რაც ძირითადად ბიზნესის საბანკო სესხების პროცენტის თანადაფინანსებაში გამოიხატებოდა. გარდა ამისა, კორპორაციამ შესაძლოა გააგრძელოს პირდაპირი სასესხო დაფინანსების გაცემაც, რასაც წარსულში "საქართველოს განვითარების ფონდი" ახორციელებდა, თუმცა ამ მიმართულებით კორპორაციის გეგმების შესახებ ჯერჯერობით თითქმის არაფერი არ არის ცნობილი.
თავის მხრივ, ახალ კორპორაციასთან დაკავშირებით სკეპტიკური პოზიცია აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF), რომელმაც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში მიუთითა, რომ ფონდმა თავი უნდა აარიდოს საკუთარი საქმიანობით კომერციულ ბანკებთან კონკურენციაში შესვლას და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ფისკალური რისკების წარმოშობას.
IMF-ი აღნიშნავს, რომ ახალი კორპორაცია უნდა ფოკუსირდეს ბიზნესისთვის საკრედიტო დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდაზე, თუმცა აღნიშნული უნდა განახორციელოს ისე, რომ აღნიშნულით ცენტრალური მთავრობისთვის არ შექმნას ფისკალური რისკები და ამავდროულად არ მოახდინოს ბაზრიდან კერძო საკრედიტო დაფინანსების გამოდევნა და ბანკებთან კონკურენციაში შესვლა.
“ახლახან შექმნილმა „საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ“, რომელიც საერთო სამთავრობო სექტორში შედის და აერთიანებს „აწარმოე საქართველოში“-სა და „საქართველოს განვითარების ფონდს“, ყურადღება უნდა გაამახვილოს ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული ბაზრის ხარვეზების აღმოფხვრაზე; ამასთანავე, მან თავი უნდა აარიდოს კომერციული ბანკების ბაზრიდან გამოდევნასა (კონკურენციის შეზღუდვასა) და ფისკალური რისკების შექმნას,”- ნათქვამია IMF-ის დოკუმენტში.
სავალუტო ფონდი ასევე მიუთითებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იყო დაფიქსირებული პოზიცია, რომ ამ კორპორაციის ფისკალურ რისკებს ფინანსთა სამინისტრო ეფექტიანად გააკონტროლებს და საჭიროების შემთხვევაში ვეტოს უფლებასაც გამოიყენებს.




























