მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ თავი უნდა აარიდოს ბანკებთან კონკურენციას და ფისკალური რისკების შექმნას - IMF

imf საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ახლახან შექმნილმა ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ თავი უნდა აარიდოს საკუთარი საქმიანობით კომერციულ ბანკებთან კონკურენციაში შესვლას და ფისკალური რისკების წარმოშობას - ამის შესახებ აღნიშნულია ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით მომზადებულ 63-გვერდიან მიმოხილვაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიუთითებს, რომ სახელმწიფო საწარმოების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება სწორედ საქართველოს განვითარების კორპორაციის დაფუძნება იყო, რომელიც ყოფილი “აწარმოე საქართველოში”-ს და უკვე გაუქმებული “საქართველოს განვითარების ფონდის” შერწყმით შეიქმნა. IMF-ი აღნიშნავს, რომ ახალი კორპორაცია უნდა ფოკუსირდეს ბიზნესისთვის საკრედიტო დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდაზე, თუმცა აღნიშნული უნდა განახორციელოს ისე, რომ აღნიშნულით ცენტრალური მთავრობისთვის არ შექმნას ფისკალური რისკები და ამავდროულად არ მოახდინოს ბაზრიდან კერძო საკრედიტო დაფინანსების გამოდევნა და ბანკებთან კონკურენციაში შესვლა.

“ახლახან შექმნილმა „საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ“, რომელიც საერთო სამთავრობო სექტორში შედის და აერთიანებს „აწარმოე საქართველოში“-სა და „საქართველოს განვითარების ფონდს“, ყურადღება უნდა გაამახვილოს ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული ბაზრის ხარვეზების აღმოფხვრაზე; ამასთანავე, მან თავი უნდა აარიდოს კომერციული ბანკების ბაზრიდან გამოდევნასა (კონკურენციის შეზღუდვასა) და ფისკალური რისკების შექმნას,”- ნათქვამია IMF-ის დოკუმენტში.

სავალუტო ფონდი ასევე მიუთითებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იყო დაფიქსირებული პოზიცია, რომ ამ კორპორაციის ფისკალურ რისკებს ფინანსთა სამინისტრო ეფექტიანად გააკონტროლებს და საჭიროების შემთხვევაში ვეტოს უფლებასაც გამოიყენებს.

“რისკები განვითარების ახალი კორპორაციიდან არის შეზღუდული ფინანსთა სამინისტროს საზედამხედველო უფლებამოსილებების გაძლიერებით, მათ შორის ძირითად გადაწყვეტილებებზე სამინისტროს ვეტოს უფლებით,”- წერს სავალუტო ფონდი.

სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი სსიპ-ის "აწარმოე საქართველოში"-ს რეორგანიზაციის საფუძველზე დაფუძნდა. კორპორაციის ხელმძღვანელად დაინიშნა ირაკლი გაბრიაძე, რომელიც წარსულში სსიპ “აწარმოე საქართველოში”-ს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ირაკლი ნადარეიშვილი, რომელიც ამავდროულად ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს, საბჭოში ასევე შედის ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და გიორგი ნასარაია, რომელიც რეორგანიზაციამდე "აწარმოე საქართველოში"-ს ფინანსური მენეჯერი იყო.

ამჟამად საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარეობს რიგი ცვლილებები, რომლებიც ეკონომიკის განვითარების კორპორაციას უკავშირდება, უფრო კონკრეტულად კი ყველა დადგენილებაში, რომელიც "აწარმოე საქართველოში"-ს პროგრამების აღწერას შეეხებოდა იცვლება სააგენტოს სახელი და მის ნაცვლად პროგრამების განმახორციელებლად "ეკონომიკის განვითარების კორპორაციის" მითითება ხდება.

მთავრობის განცხადებების თანახმად, 2026 წლის განმავლობაში სს "ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" დაფინანსებას მიიღებს ბიუჯეტის იმავე მუხლიდან, რომლითაც ეკონომიკის სამინისტრო სსიპ "აწარმოე საქართველოში"-ს აფინანსებდა, რაც 232.7 მილიონ ლარს შეადგენდა, ჯერჯერობით კორპორაციას ახალი პროგრამები არ აქვს წარდგენილი და ის ყოფილი “აწარმოე საქართველოში”-ს პროგრამებით ოპერირებს, რაც ძირითადად ბიზნესისთვის საბანკო სესხების პროცენტის თანადაფინანსებას მოიცავს. კორპორაცია ასევე აგრძელებს იპოთეკური კრედიტების თანადაფინანსების პროგრამასაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები