ვისურვებდი, რომ „ეკონომიკის განვითარების კორპორაციას“ ჰქონდეს გაფართოებული უფლებამოსილება ჰიდრო პროექტების მხარდაჭერის მიმართულებით - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს.
როგორც ლევან ვეფხვაძე BMG-სთან აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ახალი სახელმწიფო საფინანსო ორგანიზაცია მათ შორის ისეთი მსხვილი ჰიდროპროექტების განხორციელებაში იყოს ჩართული, რომელთა მშენებლობაც მხოლოდ ინვესტორებიც ჩართულობით ვერ მოხერხდება.
ამასთან, ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ დადებითი ცვლილებაა, რომ ახალი ფინანსური ინსტიტუტის დასახელებაში „ბანკი“ აღარ იქნება.
“კარგია, რომ ბანკი არ ჰქვია და გადმოვედით კორპორაციაზე, იმიტომ რომ ბანკი მაინც საზოგადოებრივ ცნობიერებაში აღქმულია როგორც საფინანსო შუამავალი, ანუ [ორგანიზაცია], რომელიც იღებს ვიღაცისგან ფულს და გასცემს ვიღაცაზე. ამ შემთხვევაში, ეს კლასიკური ბანკი ვერ იქნებოდა ცხადია და ალბათ ჯობს რომ ისევ კორპორაცია ჰქვია. მეორე - ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის მსხვილი ენერგეტიკული პროექტები სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე ვერ განხორციელდა და ამ მიმართულებით კორპორაციის ჩართულობა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. მას ექნება მთავრობისგან დელეგირებული ყველანაირი უფლებამოსილება, რომ ის იყოს აქტიური მხარე მსგავსი პროექტების განხორციელებაში. გარდა ამისა, მე ვისურვებდი რომ თუ ვსაუბრობთ ისევ ენერგეტიკაზე, ამ კორპორაციას ჰქონდეს გაფართოებული უფლებამოსილება ჰიდრო პროექტების მხარდაჭერის, იმიტომ რომ თუკი დღეს ვხედავთ რომ ტარიფი პრობლემაა, თუკი ვხედავთ დღეს, რომ ვადები პრობლემაა დაფინანსების ნაწილში, მაშინ ამაზეც ვიფიქროთ, რომ ეს იყოს დამატებითი მექანიზმი ჰიდროს შემთხვევაში, რომ სახელმწიფო დაეხმაროს დეველოპერებს და საბოლოო ჯამში სამიზნე 1000 მეგავატი რაც გვინდა რომ ხუთ წელიწადში დამატებით გვქონდეს ჰიდროს ნაწილში, [აშენდეს]. ასევე ვფიქრობ, რომ ის კომპეტენცია, რომელიც უკვე დაგროვილი გვაქვს ბიზნესთან ურთიერთობის ნაწილში, ესეც ძალიან აქტიურად იქნება გამოყენებული, გაზიარებული და გაფართოებული ზოგადად ბიზნესის მხარდასაჭერად”, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ ფინანსური ხარჯის დასუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი იქნება შედარებით მცირე ზომის ენერგოობიექტების შემთხვევაშიც.
რაც შეეხება სხვა ჰესებს, ჰესები მზის პროექტისგან განსხვავებით, თვითონ მშენებლობის სტადიაზე არის ძალიან დროში გაწერილი. იმიტომ რომ თუ მშენებლობა მიმდინარეობს მაღალმთიან რეგიონში, იქ [ინვესტორს] ფაქტობრივად 6-8 თვე აქვს სამუშაო. დანარჩენი არის კლიმატური პირობები ისე, რომ ფიზიკურად შეიძლება ვერ იმუშაო. ხან წვიმებია, ხან თოვლია. ჩვენ თუ გვინდა, რომ ვადების ნაწილი მეტ-ნაკლებად შევამსუბუქოთ, არსებობს შეღავათიანი პერიოდები, როდესაც სახელმწიფო დაეხმარება [კომპანიას] საფინანსო ინსტიტუტთან და ამ პერიოდში დაუსუბსიდირებს ფინანსურ ხარჯს, რაც მისთვის იქნება შეღავათი. იმიტომ რომ რეალურად იმ ოთხი წლის განმავლობაში, რაც ჰიდროს მშენებლობას შეიძლება დასჭირდეს, აღებული სესხის ნაწილი ემატება ფაქტობრივად ძირის თანხას და ზრდის კრედიტის ოდენობას. რეალურად, თუ მე ვსესხულობ პირობითად 10 მილიონ დოლარს მშენებლობისთვის, საბოლოო ჯამში გამოდის 12 მილიონი ვისესხე, იმიტომ რომ იმ ოთხი წლის განმავლობაში ის ორი მილიონი ფაქტობრივად ძირის თანხას ემატება და უნდა გავისტუმრო. ამ მიმართულებით თუ მოხდება სახელმწიფოს მხარდაჭერა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, მთავრობა ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით „აწარმოე საქართველოს“ ბაზაზე ახალ ინსტიტუციას ქმნის. თუმცა მისი სახელი არა „ეკონომიკის განვითარების ბანკი“ იქნება, როგორც წლის დასაწყისში გახდა ცნობილი, არამედ „ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“ ეწოდება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „აწარმოე საქართველოს“ ბაზაზე შექმნილი ახალი ინსტიტუცია საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციებსაც შეითავსებს. ის აქცენტს კონკრეტულ დარგებზე გააკეთებს, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ერთ-ერთი ასეთი ენერგეტიკა იქნება.




























