მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ეკონომიკის განვითარების ბანკის“ ნაცვლად „განვითარების კორპორაცია“ - რაზე იმუშავებს ახალი ინსტიტუტი?

ქვრივიშვილი კობახიძე

მთავრობა ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით „აწარმოე საქართველოს“ ბაზაზე ახალ ინსტიტუციას ქმნის. თუმცა მისი სახელი არა „ეკონომიკის განვითარების ბანკი“ იქნება, როგორც წლის დასაწყისში გახდა ცნობილი, არამედ „ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“ ეწოდება.

როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა „აწარმოე საქართველოს“ ბაზაზე შექმნილი ახალი ინსტიტუცია საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციებსაც შეითავსებს. ის აქცენტს კონკრეტულ დარგებზე გააკეთებს, როგორც კობახიძემ თქვა ერთ-ერთი ასეთი ენერგეტიკა იქნება.

„დღეს ჩვენი გადაწყვეტილებით სააგენტო „აწარმოე საქართველოშის“ ბაზაზე ახალი ინსტიტუცია შეიქმნება სახელწოდებით - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. მასში მოხდება მათ შორის საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციის შერწყმა. პროგრამას „აწარმოე საქართველოშის“ დაემატება ახალი ინსტრუმენტები. ასევე განხორციელდება არსებული ინსტრუმენტების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც კერძო სექტორისთვის გაიზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ახალი ინიციატივები მოიცავს სინდიცირებულ სესხებს და კაპიტალის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონკრეტულ სექტორებს, მათ შორის ენერგეტიკას, სადაც კომპანიებს გაეზრდებათ წვდომა იაფ სესხებზე. ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო“, - განაცხადა კობახიძე.

"ეკონომიკის განვითარების ბანკის" დაფუძნების გეგმის შესახებ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმიდან გახდა ცნობილი. დოკუმენტიდან ირკვეოდა, რომ ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნება "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს საჭიროებდა, რასაც პარლამენტს, სავარაუდოდ, მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე უნდა განეხილა. 7 თებერვალს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი ინსტიტუტის ფორმირებისთვის „საქართველოს განვითარების ფონდი“ და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ერთმანეთს შეერწყმებოდა. „ეს კლასიკური ბანკი არაა, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი“, - განაცხადა მაშინ ირაკლი კობახიძემ.

აღსანიშნია, რომ საქართველოს პარლამენტმა "საქართველოს განვითარების ფონდის" ლიკვიდაციის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი მარტის დასაწყისში დაუჭირა.

ამასთან, "საქართველოს განვითარების ბანკისშექმნის ინიციატივა "ქართული ოცნების" მთავრობას 2014 წელსაც ჰქონდა - შესაბამისი კანონპროექტი 2014 წლის 4 აპრილის მთავრობის სხდომაზე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ გაიტანა, მაგრამ კანონპროექტი კანონად ვერ იქცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები