მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

[ეკონომიკის განვითარების ბანკი] კლასიკური ბანკი არაა, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ეკონომიკის განვითარების ბანკი კლასიკური ბანკი არ იქნება, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მთავრობა ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნებას გეგმავს. ამასთან, იგეგმება, "საქართველოს განვითარების ფონდის" (ყოფილი "საპარტნიორო ფონდი") ლიკვიდაცია.

დღეს, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ საქართველოს განვითარების ფონდი და "აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო ბანკის სახით გაერთიანდება.

"რეალურად შერწყმაზეა საუბარი. რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც შესაბამისი ფუნქციებით იქნება დატვირთული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო.

საუბარი განვითარების ფონდზე, რომელიც "აწარმოე საქართველოსთან" ერთად გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფო ბანკად წარმოდგენილი. ეს კლასიკური ბანკი არაა, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი",- ამბობს კობახიძე.

ის ამ ცვლილებების საჭიროებას ოპტიმალური მართვით ხსნის.

"როდესაც მსგავსი ტიპის ფუნქციებია სხვადასხვა ინსტიტუტებზე გადანაწილებული, უმჯობესია, რომ ერთიანი ხაზით იყოს მართული",- განმარტა ირაკლი კობახიძემ.

BMG შესაბამის უწყებებთან ეცდება საკითხზე დამატებითი დეტალების გარკვევას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები