მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დღეს რესტორატორებს შეხვდება

5fcf2e755f4ad
ვიქტორია მღებრიშვილი
08.12.20 12:50
689
დღეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რესტორატორებს შეხვდება. ინფორმაცია ამის შესახებ BM.GE-ის ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც BM.GE-ის სტუმარ-მასპინძლობის სექტორის საინიციატივო ჯგუფის წევრმა ლევან ქოქიაშვილმა განუცხადა, მათ მიერ 2 დეკემბერს მთავრობის კანცელარიასთან გამართული პრეს-კონფერენციის შემდეგ დარგის წარმომადგენლებს ეკონომიკის სამინისტროდან 3 დეკემბერს დაუკავშირდნენ და მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრა დღეისთვის - 8 დეკემბერს, 15:00 საათზე დაუნიშნეს.

ლევან ქოქიაშვილის განცხადებით, მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი რესტორატორების მიერ გაჟღერებულ დარგის გადარჩენის 5 მოთხოვნაზე იქნება. საინიციტივო ჯგუფში იმედოვნებენ, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის არ ჩატარდება და სექტორის წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ ეფექტური გადაწყვეტი იქნება მიღებული.

ცნობისთვის: 2 ნოემბერს სტუმარ-მასპინძლობის სექტორმა მთავრობის კანცელარიაზე გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრემიერსა და ეკონომიკური გუნდის მინისტრებს მიმართეს და დარგის გადარჩენის 5-პუნქტიანი გეგმა გააჟღერეს. ესენია: 

1. სახელმწიფოს მიერ შემდგომი ორი თვის განმავლობაში ინდუსტრიაში დასაქმებულთა ხელფასის 50%-ით კომპენსაცია;
2. სახელმწიფო გახდეს გარანტი საქართველოში მომუშავე ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორც სფეროში მომუშავე იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის, სესხების გაცემის უზრუნველსაყოფად და ასევე კვების ობიექტებისთვის გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი, ხოლო ლოკდაუნის ორთვიან პერიოდში - 0%-იანი სესხების გამოსაყოფად, რაც მიემართება თანამშრომლების ხელფასების ასანაზღაურებლად;
3. სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისთვის, ერთი წლის განმავლობაში, შემსუბუქდეს დღგ-ს განაკვეთი;
4. დაწესდეს საშეღავათო პერიოდი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მომუშავე იურიდიული პირებისთვის ყველა სახის კომუნალურ გადასახადზე;
5. ინდუსტრიას კვლავ მიეცეს საშუალება, ისარგებლოს საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების პროგრამით, ერთი წლის განმავლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები