მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებმა ბოტსვანის დელეგაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს

ბოტსვანა

"ოცნების" მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ბოტსვანას ვიცე-პრეზიდენტს, ნდაბა ნკოსინათი გაოლატეს შეხვდნენ.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბოტსვანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და ორმხრივი კავშირების შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობასა და ადგილობრივი მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებზე. ბოტსვანას დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს ინტერესი იმ ინსტრუმენტებისა და მექანიზმების მიმართ, რომლებიც ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში გამოირჩევა როგორც ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების აქტიური განხორციელებით, ისე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით, რაც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას ზრდის.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გურგენიძე და ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი.

როგორია ეკონომიკური კავშირი?

აღსანიშნავია რომ საქსტატის მონაცემებით, საქართველოსა და ბოტსვანას შორის სავაჭრო კავშირი ნულოვანია. ასევე, არ არსებობს სტატისტიკა FDI-ს და ფულადი გზავნილების შესახებ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკით კი, როგორც 2025 წლის, ასევე 2024 წლის სამ კვარტალში საქართველოს 15-15 ბოტსვანის მოქალაქე სტუმრობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები