მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ექსპორტის დადებითი დინამიკა ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ექსპორტში არსებული დადებითი დინამიკა იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია და ზოგადად, მზარდია საგარეო ვაჭრობის დინამიკა. მის შეფასებას ეკონომიკის სამინისტრო პრესრელიზის სახით ავრცელებს.

საქსტატის ექსპრეს მონაცემებით, მარტში საქართველოს ექსპორტმა 566 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით არის გაზრდილი. იმპორტი უფრო მეტად 14%-ით გაიზარდა და ის მარტში 1.4 მილიარდი დოლარის ტოლი იყო. ჯამურად იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 619 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.2%-ით მეტია.

უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზში, სადაც მინისტრის მოადგილის შეფასებაა მოცემული, იმპორტის გაზრდილი მაჩვენებლის შესახებ ცალკე აღნიშნული არ არის და მინისტრის მოადგილე ვაჭრობის საერთო დინამიკას აფასებს.

"როგორც ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, ასევე ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება პირველი კვარტალის მონაცემებით - იანვარ-მარტში ექსპორტი 5.7%-ით გაიზარდა და 1401.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. 2025 წლის მარტში სავაჭრო ბრუნვამ 1,968.9 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 12.5%-ით აღემატება", - აღნიშნულია პრესრელიზში.

მინისტრის მოადგილის შეფასებით კი ასევე მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ზოგადად საგარეო სავაჭრო ბრუნვის მიმართულებით - პირველ კვარტალში სავაჭრო ბრუნვა 16%-ზე მეტითაა გაზრდილი, ხოლო ბრუნვის მოცულობა 5.6 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს.

"აღნიშნული პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნებას მომავალ თვეებშიც ველოდებით. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გლობალური გამოწვევების, გლობალურად მზარდი გაურკვევლობის ფონზე საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით, არსებული სურათი პოზიტიური პროგნოზის საშუალებას იძლევა საშუალო ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებით, რომლის მოლოდინიც საქართველოს მთავრობას აქვს.

„ჩვენი მიზანია, რომ იანვარ-თებერვლის 9.4%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდის შემდეგ მომდევნო თვეებშიც გავაგრძელოთ მაღალი ზრდის ტენდენცია. ეს, შესაბამისად, საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ქვეყანაში შემოსავლები, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნას და კიდევ უფრო დავუახლოვდეთ განვითარებული ქვეყნების ცხოვრების დონეს“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ცნობისთვის, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით იანვარ-თებერვალში საქართველოს ექსპორტმა 835.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ქვეყნისთვის მთავარი საექსპორტო საქონელი კი მსუბუქი ავტომობილებია, რომლის საერთო ღირებულებამ 2025 წლის პირველ ორ თვეში 285.2 მილიონი დოლარი შეადგინა, ანუ ექსპორტის თითქმის მეოთხედი ავტომობილების რეექსპორტზე მოდის. აღნიშნული მაჩვენებელი 8.6%-ით მეტია 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, რომელთა ექსპორტმა 39.7 მილიონ დოლარს მიაღწია, ზრდით 17.3%. ეს კატეგორია საქართველოს სამთო-მოპოვებითი სექტორის გააქტიურებაზე მიანიშნებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს სავაჭრო ბრუნვის პირველი კვარტალის მონაცემებს სრულად 22 აპრილს გამოაქვეყნებს, სადაც გამოჩნდება, რომელი საქონლის გაყიდვებმა განაპირობა იანვარ-მარტში ექსპორტისა თუ იმპორტის ზრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები