საქართველოში ყავის იმპორტი წლიდან წლამდე იზრდება და 2023 წელს რეკორდული $31.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც $3.1 მილიონით, ანუ 10.9%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს, როცა ქვეყანაში $28.2 მილიონის ღირებულების 7,660 ტონა ყავა შემოვიდა. საინტერესოა, რომ იმპორტის ზრდის დინამიკა გასულ წლებშიც ფიქსირდება - 2017 წლის შემდეგ, მაგალითად, საქართველოში ყავის იმპორტმა ღირებულებით 83%-ით იმატა, 10-წლიან ჭრილში კი, ზრდა 112%-ია.
2023 წელს, საქართველოში ყავა 38 ქვეყნიდან შემოვიდა, მაგრამ სულ მცირე $1-მილიონიანი იმპორტი რვა ქვეყნიდან ფიქსირდება, ესენია: ინდონეზია, იტალია, რუსეთი, ვიეტნამი, გერმანია, სომხეთი, თურქეთი და ნიდერლანდები. ამ რეიტინგში ინდონეზია ლიდერობს, რომელიც ყავის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში - ამ აზიური სახელმწიფოდან, გასულ წელს, $8.6 მილიონის ყავა შემოვიდა, რამაც ჯამური იმპორტის 27.6% შეადგინა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ იმპორტთან ერთად, საქართველოდან ყავის ექსპორტიც ხორციელდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალია. 2023 წელს, საქართველოდან ექსპორტზე $1.4 მილიონის ყავა გავიდა ექსპორტზე, რომლის 66% - რეექსპორტი იყო. ყველაზე დიდი ღირებულებით ყავა რუსეთში, სომხეთში, ირანში, გერმანიასა და აშშ-ში გადის.