საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ორგანიზებით, დღეს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებს შეხვდა. უწყების გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ შეხვედრაზე მინისტრმა ენერგეტიკის დარგის განვითარების პოლიტიკა, განახლებულ მიზნები და ამოცანები, დაგროვილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებისა და ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელი პირების შესახებ უფრო მეტი დეტალის გასარკვევად BM.GE-მ კითხვებით მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელს მიმართა. გიორგი მარგებაძე ჯერ კიდევ ივლისში გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას აცხადებდა, რომ უკვე ორი საკითხი ჰქონდა მონიშნული, რომლის დაყენებასაც ეკონომიკის ახალ მინისტრთან შეხვედრისას აპირებდა. აქედან გამომდინარე მას ვკითხეთ - მოახერხა თუ არა ამ საკითხების დაყენება.
გიორგი მარგებაძე ეკონომიკის მინისტრთან და მის მოადგილესთან შეხვედრას პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ მხარეებს შორის ასეთი ტიპის კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. რაც შეეხება საკითხებს ის ამბობს, რომ ერთი მთავარი საკითხი ენერგოპროექტების განხორციელებისას ქონების გადასახადის ნაწილის იმ თემში დატოვება იყო, სადაც ეს პროექტი ხორციელდება, მეორე კი CFD მექანიზმის ფარგლებში აუქციონებში გამარჯვებულებთან გაფორმებულ მემორანდუმებია, რომელიც არ სრულდება.
„ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას ქონების გადასახადის ნაწილის თემში დატოვების ინიციატივა GREDA-ს ჰქონდა და შეხვედრაზე ამის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. კანონპროექტს მინისტრი არ იცნობს, გავეცნობიო. მათი მხრიდან სრულ მხარდაჭერა დაგვიდასტურეს როგორც სამინისტრომ, ასევე ელექტროსისტემამ. ამ მიმართულებით ვიმუშავებთო და როგორც კი გაეცნობიან ამ კანონს დაგვიბრუნდებიან. ოქტომბრისთვის კიდევ შედგება შეხვედრა და ზოგადად, დარგის წარმომადგენლების და უწყების ხელმძღვანელობის შეხვედრები გარკვეული პერიოდულობით გაიმართება და საკითხებს შევაჯამებთ ხოლმე.
რეალურად შეხვედრა ძალიან პოზიტიური იყო. გვითხრეს, რომ თამაშის წესები ყველასთვის თანაბარი იქნება ახალი ხელმძღვანელობის პირობებში. ის, რაზეც მე ვამახვილებდი ყურადღებას მემორანდუმებით მოვაჭრე კომპანიებზე, მათ მიმართ ძალიან მკაცრები იქნებიან, რაც ძალიან კარგი და სწორია. მთავარია ამ პროცესში არ მოყვნენ კეთილსინდისიერი ინვესტორები. არიან კომპანიები, რომლებსაც ძალიან ბევრჯერ აქვთ გადავადებული ენერგეტიკული პროექტების კვლევის მემორანდუმები. მათი იდენტიფიცირება რთული არ არის. მეორე მხრივ არიან კომპანიები, რომლებიც 9-10 თვეა მზად არიან სამშენებლო სტადიაზე გადასასვლელად და ფულის დასახარჯად, პირადად მე 2 ასეთი პროექტი მაქვს, რომელიც ჭიანურდება. გაჭიანურების მიზეზი დარგში არსებული მდგომარეობა და გარდამავალი პერიოდი იყო. ყველა უწყებაში სამინისტროდან დაწყებული სხვა უწყებებით დასრულებული შეიცვალა ხელმძღვანელობა და დასრულდა გარდამავალი პერიოდი. იმედი გვაქვს, რომ ეს შეფერხებები მოიხსნება და შევძლებთ პროექტების განხორციელებას.
ჩვენთვის მთავარი პრობლემები არის ბიუროკრატიული საკითხები, რა დროსაც პროექტების შესრულებისას გვიწევს სხვადასხვა უწყებასთან ურთიერთობა, რაც პროცესს აჭიანურებდა, ახლა ეს ყველაფერი უნდა დალაგდეს და კოორდინაცია უწყებებს შორის უნდა აეწყოს. იმედი მაქვს, ლაპარაკი ლაპარაკად არ დარჩება“, - განაცხადა გიორგი მარგებაძემ.




























