ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს. საუბარია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების მიზნით „ფოსტის შესახებ“ კანონის პროექტის შემუშავებასა და საჯარო და კერძო სექტორთან კონსულტაციებსა და მოლაპარაკებებში იურიდიულ/საექსპერტო/საკონსულტაციო მომსახურებაზე.
მომსახურების ღირებულება 35 000 ევროა.
სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილ არგუმენტაციაშ წერია, რომ აღნიშნული მომსახურების შესყიდვა უნდა მოხდეს უმოკლეს ვადებში, რადგან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, საქართველოს ფოსტის შესახებ ევროკავშირის დირექტივების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაცია უნდა განეხორციელებინა, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 5 წლის ვადაში, ანუ 2019 წელს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ და მით უფრო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფონზე, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შედეგად, მისი მიღების ვალდებულება საქართველომ აიღო უმოკლეს ვადაში.
სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, "ფოსტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის საპარლამენტო განხილვები მიმდინარე წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზეა დაგეგმილი, საკანონმდებლო ორგანოსათვის კანონის პროექტის წარდგენა უმოკლეს ვადებში უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, აღნიშნული პროცესის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია საექსპერტო მომსახურების შეზღუდულ და დაჩქარებულ ვადებში შესყიდვა.
როგორც ცნობილია, ევროპულმა საექსპერტო კომპანია AF Legal-მ დონორის დაფინანსებით უკვე განახორციელა იურიდიულ/საექსპერტო/საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, რომლის საშუალებითაც უზრუნველყოფილ იქნა „ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მოდიფიცირება. პროექტი 2023 წელს დასრულდა, თუმცა აღარ ამოქმედდა. შესაბამისად, ამჯერად დონორის სახსრების გარეშე, სამინისტრომ იგივე კომპანიისგან აღნიშნული სერვისი უნდა იყიდოს.
შესყიდვის ობიექტია იურიდიულ/საექსპერტო/საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც შემდეგი მომსახურების გაწევას გულისხმობს:
ა) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დახმარება/ადვოკატირება და მხარდაჭერა დაინტერესებულ მხარეებთან (საჯარო და კერძო სექტორი) და ექსპერტებთან/საერთაშორისო ორგანიზაციებთან განხილვების პროცესში;
ბ) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დახმარება/ადვოკატირება და მხარდაჭერა საპარლამენტო განხილვების პროცესში;
გ) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დახმარებისა და მხარდაჭერის მიზნით, ნებისმიერი სახის დოკუმენტის მომზადება, რომლის საჭიროებაც დადგება განხილვების ან/და საპარლამენტო მოსმენების შედეგად (მათ შორის, კითხვებზე პასუხები ან/და პოზიციები);
დ) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით ნებისმიერი სხვა სამუშაოს შესრულება, კანონის პროექტის მიღების პროცესში სამინისტროსთვის დახმარების და მხარდაჭერის მიზნით.
ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული მომსახურების გარდა საჭიროა AF Legal-ის წარმომადგენლის, ევროპელი ექსპერტის, ალესანდრა ფრატინისათვის მგზავრობის ხარჯის ანაზღაურება, რაც გულისხმობს ავიაბილეთების (საქართველოში ჩამოყვანა ევროპის კონტინენტიდან და უკან დაბრუნება ევროპის კონტინენტზე) ხარჯების ანაზღაურებას.