ეკონომიკის სამინისტრომ „ფოსტის შესახებ“ კანონის ახალი ვერსია დარგის წარმომადგენლებს ერთი თვის წინ დაუგზავნა და დოკუმენტი ვებგვერდზეც გამოაქვეყნა.
საფოსტო რეფორმით საფოსტო სექტორი, რომელიც 2005 წლიდან ლიბერალიზებულია, კვლავ რეგულირებადი სექტორი ხდება. ეს არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე გვერდია შენიშვნებს შორის, რომელიც საფოსტო ბიზნესმა ეკონომიკის სამინისტროს გაუგზავნა.
საფოსტო ბაზრის მოთამაშეებისთვის მიუღებელია საკონტრიბუციო და რეგულირების საფასურის დაკისრებაც. წარმოდგენილი კანონპროექტით, საფოსტო ბიზნესმა რეგულირების საფასური კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, საკონტრიბუციო გადასახადი კი უნივერსალური საფოსტო მომსახურების გამწევის ხარჯების დასაფინანსებლად უნდა გადაიხადოს.
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების FedEx-ის, DHL-ის და UPS-ის ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლობას კანონის ამ ვერსიასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. მათი თქმით, იმ წესს, რომელსაც ახალი კანონპროექტი გვთავაზობს, საერთაშორისო ევროპული პრაქტიკა არ იცნობს.
რა წერია "ფოსტის შესახებ" კანონის ახალ პროექტში?
- საფოსტო სფეროს რეგულირება - სახელმწიფოს და comcom-ის ფუნქციები
კანონის პირველივე მუხლში მისი მოქმედების სფეროა გაწერილი, რომელიც ფოსტის სექტორში საქმიანობის ძირითადი პრინციპების დადგენასთან ერთად სექტორში სახელმწიფო ხელისუფლების და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოსტის საქმიანობის რეგულირებას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ჩაიბარებს.
კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ მისი მთავარი მიზანი ქვეყნის შიგნით საიმედო და ეფექტიანი საფოსტო მომსახურების უზრუნველყოფაა, საქართველოს კანონმდებლობის, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტების და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად საფოსტო მომსახურების გაწევისას აუცილებელი მოთხოვნების დაცვაა. მათ შორის კანონი საფოსტო ქსელების და მომსახურების სრულყოფასა და განვითარებასაც ისახავს მიზნად.
უნდა აღინიშნოს, რომ კანონის პროექტის მე-12 მუხლი კომისიის ფუნქციებს ეხება და მომხმარებელთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვასთან და საფოსტო ოპერატორების რეესტრის წარმოების გარდა, ბაზრის სრულ რეგულირებას მოიცავს, იქნება ეს სფეროში კანონთან შესაბამისობის მონიტორინგი და შემოწმება, უნივერსალური საფოსტო მომსახურების ტარიფის განსაზღვრის მეთოდოლოგიის შემუშავება და დამტკიცება, ფოსტის სფეროში კონკურენტული გარემოს შექმნის ხელშეწყობა და კონკურენციის რეგულირება თუ საფოსტო ოპერატორებს შორის დავების განხილვა.
მარეგულირებელ კომისიას უფლებამოსილი იქნება საფოსტო ოპერატორებისაგან მიზნის პროპორციული ინფორმაცია გამოითხოვოს და დაიცვას კონფიდენციალურობა საფოსტო ოპერატორების მიერ მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც კომერციულ საიდუმლოებად ითვლება.
- უნივერსალური საფოსტო მომსახურება და დანიშნული საფოსტო ოპერატორი
კანონი უნივერსალური საფოსტო მომსახურების გამწევი დანიშნულ საფოსტო ოპერატორის საქმიანობასაც არეგულირებს. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნივერსალური საფოსტო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით კომისია ატარებს ბაზრის კვლევას და იმ შემთხვევაში თუ კვლევის შედეგად დადგინდება, რომ ერთზე მეტ საფოსტო ოპერატორს შეუძლია უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურება, დანიშნულ საფოსტო ოპერატორს კომისია ნიშნავს ღია კონკურსის წესით 15 წლის ვადით, მაგრამ ასეთი მოცემულობის არ არსებობის შემთხვევაში დანიშნულ საფოსტო ოპერატორად კომისია ამავე ვადით არსებულ დანიშნულ საფოსტო ოპერატორს ხელახლა ნიშნავს. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების უწყვეტობა. ამგვარად კანონის გარდამავალ დებულებაში წერია, რომ კანონის მიღებიდან 6 თვის ვადაში "საქართველოს ფოსტა" 15 წლის ვადით ინიშნება. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ საქართველოს ფოსტა სახელმწიფო საწარმოა.
დოკუმენტში წერია, რომ უნივერსალური საფოსტო მომსახურება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განსაზღვრული ხარისხით, მუდმივად, ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად. ის მოიცავს, 2 კილოგრამამდე, 20 კილოგრამამდე და 10 კგ-მდე წონის ამანათების მიღებას დახარისხებას, ტრანსპორტირებას და ჩაბარებას. ამ მომსახურების ტარიფები ეფუძნება ხარჯზე ორიენტირებულობას, არადისკრიმინაციულობას, გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას. უნივერსალური საფოსტო მომსახურების ტარიფების მეთოდოლოგიას და პროცედურებს თავად მარეგულირებელი კომისია ადგენს. დანიშნული საფოსტო ოპერატორის მიერ ტარიფების განსაზღვრის შემდეგ ამ ტარიფებს კომისია ამტკიცებს. დანიშნულ საფოსტო ოპერატორს, ანუ საქართველოს ფოსტას ამ ტარიფების გადახედვის მოთხოვნის უფლება დასაბუთების შემთხვევაში აქვს. თავად კომისიას ტარიფების გადახედვა 3 წელზე ადრე პერიოდში არ შეუძლია. კანონის მიხედვით თუ გონივრული ვარაუდის საფუძველზე, უნივერსალური საფოსტო მომსახურებისთვის დამტკიცებული ტარიფები შესაბამისობაში არ არის მეთოდოლოგიასთან, კომისია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გადახედოს ტარიფებს, რაზედაც მან დანიშნულ საფოსტო ოპერატორს უნდა შეატყობინოს.
კანონის 28-ე მუხლი უნივერსალური საფოსტო მომსახურების თვითღირებულების გამოთვლის წესს ადგენს. ეს იმ დანახარჯთა ერთობლიობაა, რომლებიც შინაარსობრივად დაკავშირებულია და მათი გაწევა დაკისრებული უნივერსალური საფოსტო მომსახურების ვალდებულების შესასრულებლად აუცილებელი. უნივერსალური საფოსტო მომსახურების თვითღირებულება ასახავს დანიშნული საფოსტო ოპერატორის უნივერსალური მომსახურების ვალდებულებით და უნივერსალური მომსახურების ვალდებულების გარეშე თვითღირებულებას შორის სხვაობას. ამასთან, უნივერსალური საფოსტო მომსახურების თვითღირებულების გაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოგების გონივრული უკუგება და ხარჯის ეფექტურობის მაჩვენებლები.
- რეგულირების გადასახადი და საკონტრიბუციო შენატანი
კანონპროექტი უნივერსალური მომსახურების განმახორციელებელ დანიშნული ოპერატორისა და სხვა საფოსტო კომპანიებისთვის ორი სახის გადასახადს აწესებს: რეგულირების გადასახადს და საკონტრიბუციო შენატანს. აქედან პირველი რეგულირების საფასური კომისიის ბიუჯეტის შექმნის ერთ-ერთი წყაროა, რომელიც ამ კანონით კომისიისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებასთანაა დაკავშირებული და ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს არ წარმოადგენს.
რაც შეეხება საკონტრიბუციო შენატანს, მისი გადახდა ეკისრება, როგორც დანიშნულ საფოსტო ოპერატორს, ასევე სხვა საფოსტო ოპერატორებს, რომლებიც უნივერსალური საფოსტო მომსახურების ფარგლებში საფოსტო მომსახურებას ახორციელებენ. მისი ოდენობა საანგარიშო წლის პერიოდში საფოსტო ოპერატორის მიერ განხორციელებული უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას მიკუთვნებული ან ურთიერთჩანაცვლებადი საფოსტო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის (დღგ-ს გარეშე) 0.5%-ს არ უნდა აღემატებოდეს და ის კომისიის მიერ საამისოდ შექმნილ სპეციალურ საბანკო ანგარიშზე დაირიცხება.
დაგროვილი თანხა კი უნივერსალური საფოსტო მომსახურების შემსრულებელ დანიშნულების საფოსტო ოპერატორს იმ შემთხვევაში მოხმარდება თუ სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებით გათვალისწინებული თანხა დანიშნული საფოსტო ოპერატორის მიერ გაწეული არასამართლიანი ფინანსური ტვირთის დასაფარად საკმარისი არ იქნება.
ამასთან გარდამავალი დებულებების მუხლში აღნიშნულია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს დანიშნული საფოსტო ოპერატორის დანიშვნისათვის ღია კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების მიღება; შეიმუშაოს და მიიღოს შემოსავლებისა და დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის მეთოდოლოგია, უნივერსალური მომსახურების თვითღირებულების გაანგარიშების მეთოდოლოგია, უნივერსალური საფოსტო მომსახურების ტარიფის განსაზღვრის მეთოდოლოგია, ევროპის პარლამენტის და საბჭოს შესაბამის დირექტივებში გათვალისწინებული უნივერსალური საფოსტო მომსახურებების ხარჯების განაწილების წესების შესაბამისად; შეიმუშაოს და მიიღოს საფოსტო ოპერატორების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებული საფოსტო მომსახურების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდების ფორმა. დაადგინოს რეგულირების საფასურის ოდენობა, მისი გადახდის წესი და პერიოდულობა. დაამტკიცოს საკონტრიბუციო შენატანის განსაზღვრისა და გამოყენების წესი; უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, გაწერილია საფოსტო ოპერატორების მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმების დაკისრების და გადახდის წესიც.
აღსანიშნია, რომ „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა 2013 წლიდან მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში საკანონმდებლო ინიციატივა არაერთხელ გადამუშავდა, ვინაიდან მთავრობის ინიციატივით და ეკონომიკის სამინისტროს ავტორობით მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით კერძო სექტორს არაერთი შენიშვნა ჰქონდა.
ეკონომიკის სამინისტროში კი BM.GE-ის მიმართვის საპასუხოდ აცხადებენ, რომ კანონის საბოლოო რედაქცია მხოლოდ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებიდან შემოსული წინადადებების განხილვის შედეგად ფორმირდება.
„ფოსტის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს აღნიშნული დარგის რეგულირებას საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით. კანონპროექტის მომზადებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ექსპერტებმა. კანონპროექტი 7 თებერვლიდან გამოქვეყნებულია და სფეროს წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს, აქვთ საშუალება დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები კანონთან (მუხლებთან, პუნქტებთან) მიმართებით. კანონპროექტის საბოლოო რედაქცია ფორმირდება მხოლოდ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებიდან შემოსული წინადადებების განხილვის შედეგად“, - განუცხადეს BM.GE-ს ეკონომიკის სამინისტროში.