მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს ფოსტას" არსებობისთვის ხარკი უნდა ვუხადოთ” – კერძო საფოსტო კომპანიები ახალ კანონპროექტს აკრიტიკებენ

FedEx

„ფაქტობრივად რეკეტს გვიწესებენ. გამოდის, რომ საქართველოს ფოსტას ხარკი უნდა ვუხადოთ, იმისთვის, რომ ვარსებობთ“ - ასე აფასებს საქართველოში FedEx-ის წარმომადგენელი კომპანიის ხელმძღვანელი ნინო მენთეშაშვილი ფოსტის შესახებ ახალი კანონპროექტს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლობებს ერთი თვის წინ გადაუგზავნა.

გადაცემა #რედაქტ2-ში ნინო მენთეშაშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო გადამზიდავი FedEx-ის, DHL-ის და UPS-ის ქართულ წარმომადგენლობები ბაზრის უპრეცედენტო რეგულირების მცდელობას არ დაუშვებენ და საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროსთან საბრძოლველად გაერთიანდებიან, რათა ბოლო წლებში თავისუფალი, განვითარებული საფოსტო - საკურიერო საქმიანობა რეგულირებას არ დაექვემდებაროს.

„კანონპროექტის მიხედვით შემოდის მარეგულირებელი, რომელიც მხოლოდ აღრიცხვის მეთოდებით არ მოქმედებს, არამედ შემოდის სრული კონტროლით, საკონტრიბუციო გადასახადით, სხვადასხვა ვალდებულებით, რომელიც საფოსტო-საკურიერო სამსახურმა უნდა წარადგინოს, ანუ სრულად რეგულირებული სფერო ხდება, რაც ევროპის ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით უპრეცედენტოა და აბსოლუტურად მავნე ზეგავლენას მოახდენს ბაზარზე.

საკონტრიბუციო გადასახადი სასაცილო რამ არის, ეკონომიკის სამინისტროს მიაჩნია, რომ FedEx-მა, DHL-მა, UPS-მა ბევრი უნდა ვიმუშაოთ და აქედან ჩვენი ნამუშევარი უნივერსალური ოპერატორის, იგივე „საქართველოს ფოსტის“ ფონდში შევიტანოთ. ფაქტობრივად რეკეტს გვიწესებენ. გამოდის, რომ „საქართველოს ფოსტას“ ხარკი უნდა ვუხადოთ, იმისთვის, რომ ვარსებობთ.

ახლა ჩვენი შენიშვნების ვერსიას ვამზადებთ. FedEx, DHL და UPS ამ შეხვედრებზე და ეკონომიკის სამინისტროსთან დავაში ერთად იქნებიან წარმოდგენილნი. ვაპირებთ, ეს შენიშვნები გავუგზავნოთ ეკონომიკის მინისტრს, მოადგილეს, რომელიც ამ სფეროს კურირებს; ამასთან, კანონპროექტის ეს ვერსია ვთარგმნეთ და ვაპირებთ, ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს გავუგზავნოთ, ასევე ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკომისიას გავუგზავნით.

ვაპირებთ, ეს მრავალმხრივი ბრძოლა თავიდან წამოვიწყოთ. მაშინ როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში ბიზნესი უნდა განვითარდეს და ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა და მეტი ინვესტიცია გვჭირდება, ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება საინვესტიციო გარემოს ასე დაზიანება“, - აცხადებს ნინო მენთეშაშვილი და იმასაც დასძენს, რომ საფოსტო დარგის ამგვარი რეგულირება იმის ტოლფასია, რომ ქვეყანაში Apple-ის წარმოება მოქმედებდეს და მას რეგულაციები დავუწესოთ.

აღსანიშნავია, რომ „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა 2013 წლიდან მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში საკანონმდებლო ინიციატივა არაერთხელ გადამუშავდა, ვინაიდან მთავრობის ინიციატივით და ეკონომიკის სამინისტროს ავტორობით მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით კერძო სექტორს არაერთი შენიშვნა ჰქონდა.

„ბაზრის უპრეცედენტო რეგულირების მცდელობა“ - ეკონომიკის სამინისტრომ ბიზნესს ფოსტის შესახებ კანონპროექტის ახალი ვერსია წარუდგინა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები