მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს - ნინო მენთეშაშვილი

64403d9592145
თელარა გელანტია
19.04.23 22:00
1191
საქართველოში FedEX-ის წარმომადგენელი კომპანიის დირექტორის ნინო მენთეშაშვილის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან საერთაშორისო სტანდარტების ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, მშენებლობის პროცესი ორი თვეა დაიწყო და DFC-თან გაფორმებული კონტრაქტით, ლოგისტიკური ცენტრი პირველი ტრანშის მიღებიდან 18 თვეში უნდა ამოქმედდეს.

საქმე ის არის, რომ საქართველოში FedEx-ის ლიცენზირებულ წარმომადგენლობასა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას (DFC-ს) შორის ფინანსური შეთანხმება შარშან ოქტომბერში გაფორმდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 6 მლნ დოლარია, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია FedEx-ის ლიცენზიანტმა („საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები“) 4 მლნ დოლარი DFC-სგან მიიღო.

ნინო მენთეშაშვილმა „წერტილთან“ ინტერვიუში ლოგისტიკური ცენტრის უპირატესობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ამ პროექტის ანალოგი არ არსებობს.

„რა თქმა უნდა, საქართველოში არსებობს სასაწყობე ფართები და მეურნეობები, მაგრამ არცერთი არაა მიწოდების ჯაჭვის კლასიკური კონცეფციით აღჭურვილი. ამდენად, ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც თბილისის აეროპორტთან შენდება, იქნება მხოლოდ სასაწყობო ფართი, არამედ მოიცავს ყველა დამატებით სერვისს - პროდუქციის შენახვას, გადაფუთვას, აღწერას, საბოლოო მომხმარებლამდე მიტანას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქსელის ყოველდღიურ მომარაგებას და კლიენტისთვის ყოველდღიური რეპორტინგის მომზადებას, რათა მან იცოდეს, საწყობში რა მარაგი აქვს, რისი შეკვეთა დასჭირდება, რა იყიდება და ა.შ. ამდენად, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც საქართველოში ამ კონცეფციის დანერგავს“, - ამბობს ნინო მენთეშაშვილი.

საქართველოში FedEX-ის წარმომადგენელი კომპანიის დირექტორი დარწმუნებულია, რომ ლოგისტიკურ ცენტრზე მოთხოვნა მაღალი იქნება და კომპანიებს მისი სერვისის მიღება ბევრად იაფი დაუჯდებათ, ვიდრე საკუთარი სასაწყობო ფართების მართვა.

„ლოგისტიკა ცალკე ინდუსტრიაა და როცა კომპანიები იზრდებიან, ძალიან არამომგებიანია და არახარისხიანია, როდესაც თავიანთ ბაზაზე აქვთ საწყობები და ლოგისტიკური მომსახურება. ჩვენი კონცეფცია საქართველოში მოქმედ მცირე თუ დიდ კომპანიებს ლოგისტიკური სერვისის გატანის შესაძლებლობას მისცემს და დღეს, იმდენად დეფიციტურია ასეთი სერვისი, რომ კლიენტების მოძიებას დიდი რესურსი არ დასჭირდება - ისინი უკვე თვითონ გვეძებენ. მას შემდეგ რაც დავაანონსეთ ლოგისტიკური ცენტრის აშენება, დაგვიკავშირდნენ არსებული კლიენტები, რომელთაც გადაზიდვებში ვემსახურებით და გვთხოვენ, გავითვალისწინოთ მათი მოცულობები, წინასწარ უნდათ პირობების ცოდნა და ა.შ. ამ კუთხით საქართველოში ბაზარი ძალიან მწირია და 10 000 კვ/მ-ზე აშენებული ლოგისტიკური ცენტრი არ იქნება საკმარისი. რამდენი კონკურენტიც არ უნდა გამოჩნდეს, მოთხოვნას, რომელიც მზარდია, სრულად ვერ დააკმაყოფილებს“, - აღნიშნა ნინო მენთეშაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები