თბილისის აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრის მოწყობის სამუშაოების დასრულება აგვისტოს ბოლოს იგეგმება. ამის შესახებ საქართველოში FedEX-ის წარმომადგენელი კომპანიის დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
მასშტაბური ლოგისტიკური ცენტრის პროექტს საქართველოში საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია FedEx-ის ლიცენზიანტი კომპანია „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისგან (DFC) მოზიდული $4 მილიონიანი გრძელვადიანი დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი 6 მლნ დოლარია. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოგისტიკური ცენტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, 10 000 კვ/მ-ზე შენდება და ამოქმედების შემდეგ ადგილზე 150-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ნინო მენთეშაშვილი აღნიშნავს, რომ ლოგისტიკური ცენტრთან თანამშრომლობის სურვილს ადგილობრივად ძალიან ბევრი კომპანია გამოთქვამს.
„თბილისის აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრის მოწყობის სამუშაოების დასრულება აგვისტოს ბოლოს იგეგმება. საოპერაციოდ კი ცენტრი სექტემბრის ბოლოსთვის იქნება მზად. მოთხოვნა ბაზარზე დღეს ძალიან დიდია. ვფიქრობთ, რომ სულ მალე ახალი ინფრასტრუქტურის დამატება მოგვიწევს“, - აცხადებს საქართველოში FedEx-ის წარმომადგენელი კომპანიის ხელმძღვანელი.
ნინო მენთეშაშვილმა გადაცემაში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისგან პროექტის დაფინანსების თავისებურებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესისთვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შრომატევადი საქმეა.
„ინვესტიციების მოსაზიდად ბიზნესს ძალიან ბევრი შრომა გვიწევს და სახელმწიფო ჩვენს გვერდით უნდა იდგეს, თუნდაც იმით რომ ხელი არ შეგვიშალოს. DFC-ის დაფინანსების მოპოვება ძალიან რთული იყო და ძალიან დიდხანს განგვიხილავდნენ როგორც აპლიკანტს. ეს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულია, შესაბამისად ძალიან რთული ორწლიანი გზა გავიარეთ, იმისთვის რომ ჩვენი პოზიციები დამაჯერებელი ყოფილიყო და ჩვენი ბიზნეს გეგმა სწორად შეეფასებინათ. მათი მთავარი კრიტერიუმი ის არის, თუ რა წვლილს შეიტანს ესა თუ ის პროექტი ქვეყნის ინდუსტრიაში, შესაბამისად ჩვენი მხრიდანაც ძალიან მყარი არგუმენტები იყო საჭირო. რეგიონალური მასშტაბით სხვა პროექტებთან მიმართებით 3 ნომინაციაში მივიღეთ ყველაზე მაღალი ქულა. შუა დერეფნის პოტენციალი ქვეყანას აქვს, თუმცა ეს მხოლოდ პოტენციალია და ინფრასტრუქტურის გარეშე მისი გადაჭრა წარმოუდგენელია. მეორე კრიტერიუმი ინდუსტრიაში წვლილის შეტანა იყო, რადგან ამ ტიპის მომსახურება საქართველოში არ არის და კომპანიებს ნებისმიერი სასაწყობე მომსახურების აუთსორსზე გატანას ვთავაზობთ - რეპორტინგით დაწყებული, ადგილზე მიტანითა და დასაწყობებით დასრულებული.
მესამე კრიტერიუმი - კომპანიაში ქალების 100%-იანი მმართველობაა, რასაც ლოგისტიკის სფეროში არც ისე ხშირად ვხვდებით და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ“, - განმარტა ნინო მენთეშაშვილმა.