საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო რაჭაში, მრავალძალის საკურორტო სივრცის მოსაწყობად მასტერპლანის მომზადებაზე მუშაობს - ამის შესახებ მან ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების გაცნობისას განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები მრავალძალის განვითარებასთან დაკავშირებით. მრავალძალი არის უნიკალური ადგილი, სადაც შესაძლებელია უმაღლესი სტანდარტების საკურორტო სივრცის მოწყობა. ამაზე აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო, ვმუშაობთ ავსტრიელ პარტნიორებთან შესაბამისი მასტერპლანის მომზადებაზე", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ შქმერი-მრავალძალის გზის 9,5-კილომეტრიანი მონაკვეთი მნიშვნელოვნად დააჩქარებს მგზავრობას შქმერიდან მრავალძალამდე. "ამისათვის გზის მშენებლობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გზის სამუშაოები დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება. ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები, რის შემდეგაც გზის მშენებლობა დაიწყება", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურული პროექტის მნიშვნელობას რეგიონისთვის და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.




























