„საქართველოს ნავსადგურები აგრძელებენ სტაბილურ ფუნქციონირებას: 2025 წელს უკვე გვაქვს კონტეინერების მოცულობების ზრდა და არსებული პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 700 000-სს გადააჭარბებს", - ეს "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 34-ე სესიაზე გაკეთებულ მოხსენებაში განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვრივიშვილმა ასევე ისაუბრა შუა დერეფანზეც და თქვა, რომ ის სწრაფად ჩამოყალიბდა საიმედო სავაჭრო მარშრუტად და მნიშვნელობა სულ უფრო მზარდია.
„საქართველოს სტრატეგიული უპირატესობა განპირობებულია ინტეგრირებული მულტიმოდალური სატრანსპორტო ქსელით, რომელიც მოიცავს თანამედროვე პორტებს, გაფართოებულ სარკინიგზო ქსელსა და განახლებულ მაგისტრალებს, რომლებიც ერთიანი სისტემის სახით ფუნქციონირებენ. ამგვარი თავსებადობა გადამწყვეტია, რადგან ის ხელს უწყობს ტვირთების ეფექტიან გადაადგილებას ევროპასა და აზიას შორის“ - განაცხადა ქვრივიშვილმა.
ლონდონში, გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას "ქართული ოცნების" მინისტრმა საქართველოს საზღვაო სექტორში ჩატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა, ქართველი მეზღვაურების შრომითი პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული პოლიტიკა იყო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარებულია 74 საზღვაო ადმინისტრაციის, მათ შორის ევროკავშირის 22 წევრი ქვეყნის მიერ.
„საქართველო აქტიურად განაგრძობს მეზღვაურთა კეთილდღეობის, წვრთნისა და შრომითი პირობების მხარდაჭერას უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.




























