21-ე საუკუნეში კომუნიკაცია ისევ მე-20 საუკუნის პრინციპებით ხდება - გადამზიდავები ამბობენ, რომ „შუა დერეფანში“ დოკუმენტების წარმოება მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
F.S. Mackenzie-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, მიხეილ ბაბუნაშვილი, „საქმის კურსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ დერეფნის ეფექტიანობას პორტების შეზღუდული გამტარუნარიანობა, ვაგონების სიმცირე და ქვეყნებს შორის არაჰარმონიზებული საბაჟო სისტემები აფერხებს.
მიხეილ ბაბუნაშვილის განმარტებით, განსაკუთრებით პრობლემურია კომუნიკაციის მოძველებული მეთოდები. მაშინ, როცა მსოფლიო ციფრულ ტრანსფორმაციაზეა გადასული, რეგიონის სარკინიგზო გადაზიდვებში დოკუმენტების ცვლილება კვლავ „დეპეშების“ დონეზე ხდება, რაც პროცესს საგრძნობლად ანელებს.
„წლიდან წლამდე ჩვენი შესაძლებლობებით ვცდილობთ, რაღაცნაირად დავეწიოთ მოთხოვნას, მაგრამ მაინც სულ უკან ვართ. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი პორტები. საკონტეინერო ტვირთების უდიდესი ნაწილი შედის ფოთის პორტში, რომელიც ფაქტობრივად თავისი ლიმიტის ზღვარზე მუშაობს. ამიტომ ანაკლიის პროექტი, რომელიც დაიძრა, ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია მალე გავა ბოლოში. იგივე რკინიგზა, რაღაც ნაბიჯები იდგმება ინფრასტრუქტურის გასავითარებლად, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ არის საკმარისი, იგივეა საწყობების მხრივ - არის მშენებლობები, მაგრამ ყველაფერი ჯერ მიმდინარე ეტაპზე და მეტი მხარდაჭერაა საჭირო. დოკუმენტაციის თვალსაზრისით ვიტყოდი, რომ ეს არის ერთი დიდი პრობლემა „შუა დერეფანში“ , მათ შორის რკინიგზაზე - 21-ე საუკუნეში მე-20 საუკუნის პრინციპებით მიდის კომუნიკაცია - რაღაცის შეცვლა გვინდა საბუთში და დეპეშებით ხდება ეს ცვლილება.. ანუ რეალურად კომუნიკაცია, ჩასწორება იქნება თუ საბუთების გადაცემა გადაზიდვაზე სწრაფად უნდა ხდებოდეს და ზოგჯერ ისეა ხოლმე, რომ გადაზიდვაზე უფრო ნელა ხდება „შუა დერეფნის“ ჭრილში. და ბოლოს, ყველა ქვეყანას აქვს თავისი რეგულაცია. შესაბამისად, ერთ ქვეყანაში შედის ტვირთი და ერთი რეგულაციის, ერთი კანონის ქვეშ ექცევა, მერე გადადის მეორე ქვეყანაში და აქ სხვა სისტემა ხვდება. რაღაცით ჰგავს, მაგრამ მაინც ძალიან განსხვავებულია. ეს რეგულირება უნდა იყოს ერთიანი, ჰარმონიზებული იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს მიმოსვლას. ახლა არის ასეთი დიდი მოთხოვნა, მაგრამ ყველაზე დიდი კითხვა არის ის, მომავალში რა იქნება და ჩვენ რა როლს დავიკავებთ ამ ტვირთბრუნვაში“, - ამბობს „საქმის კურსთან“ მიხეილ ბაბუნაშვილი.
მიუხედავად გამოწვევებისა, კომპანია ოპტიმისტურ მოლოდინებს ინარჩუნებს. მიხეილ ბაბუნაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს შანსი აქვს, საკუთარი ნიშა სწორედ გადაზიდვების სისწრაფით დაიმკვიდროს, რადგან „შუა დერეფანი“ აზიასა და ევროპას შორის ყველაზე მოკლე გეოგრაფიული გზაა.




























