"მიმაჩნია, რომ ეკონომიკის სამინისტროს წიაღში [ბიზნესს ომბუდსმენს] უფრო მეტი საშუალება ექნება ინფორმაციის უფრო სწრაფი მიწოდება შეძლოს და რჩევები და გამოცდილება გაუზიაროს ეკონომიკის მინისტრს", - ეს პარლამენტში "ქართული ოცნების" წევრმა შოთა ბერეკაშვილმა "გახარია საქართველოსთვის" წევრის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გიორგი შარაშიძემ ბერეკაშვილს ჰკითხა თუ არაფერს აკეთებდა წლების განმავლობაში ბიზნესომბუდსმენი, მაშინ რატომ გადაჰყავს ის მთავრობას ეკონომიკის მინისტრის მრჩევლად: 'თუ იმდენად დაცულია ბიზნესი საქართველოში, მაშინ ეკონომიკის მინისტრის მრჩევლად ამ ადამიანმა რა უნდა აკეთოს?"
"დუბლირებული ინსტიტუტი იყო, რომელმაც ასე ვთქვათ, საკუთარი ფუნქცია შეასრულა და მიმაჩნია, რომ არსებობს ქვეყანაში ძლიერი უწყებები, რომელიც იცავენ ბიზნესს, მის ინტერესებს და მიმართული არიან ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის და ბიზნესის ხელშეწყობისთვის. ამის არაერთი მაგალითი მოგიყვანეთ", - განაცხადა ბერეკაშვილმა.
17 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა ბიზნესომბუდსმენის აპარატს აუქმებს და ის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადააქვს. ცვლილებები ძალაში პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს, ამიტომ შესაბამის კანონპროექტს პარლამენტი უკვე განიხილავს.




























