ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს. ამის შესახებ მან საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
კობახიძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის განვითარებაზე და აღნიშნა, რომ 2025 წელს მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი“. მისი თქმით, უწყების მიზანი სახელმწიფო პროგრამებისა და შესყიდვების შედეგიანობის შეფასებაა.
მისი მტკიცებით, ამ მიმართულებით განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, 2025-2026 წლებში ტენდერების ოპტიმიზაციით ბიუჯეტში 390 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა.
კობახიძემ მაგალითად მოიყვანა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სადაც მისი თქმით, 2025 წლიდან განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად ჯამურმა დანაზოგმა 845 მილიონ ლარს მიაღწია.
„მათ შორის, 2 422 საშტატო ერთეულის ოპტიმიზაციის შედეგად მიღებულმა წლიურმა დანაზოგმა 60 მილიონ ლარს მიაღწია. ამასთან, სხვადასხვა პროექტების, სახელმწიფო შესყიდვებისა და სახელშეკრულებო პირობების გადახედვის შედეგად, დამატებით 785 მილიონი ლარის ეკონომია გახდა შესაძლებელი“, - განაცხადა კობახიძემ.




























