საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ენერგეტიკის სექტორს მინისტრის 2 მოადგილე - ვახტანგ ცინცაძე და გენადი არველაძე კურირებენ.
სამინისტროს ვებგვერდის თანახმადაც, ენერგეტიკის რეფორმების დეპარტამენტს გენადი არველაძე კურირებს, ხოლო ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტს და ასევე, ენერგეტიკული საწარმოების მართვის დეპარტამენტს - ვახტანგ ცინცაძე.
აღნიშნული ინფორმაცია BMG-მ ეკონომიკის სამინისტროს პრესსმსახურში მას შემდეგ დააზუსტა, რაც გუშინ, გადაცემა „წერტილში“ განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საჭიროა, აღდგეს ენერგეტიკის სამინისტრო ან სექტორს ჰყავდეს კურატორი მოადგილე. „გვჭირდება [ენერგეტიკის სამინისტრო] ... ფიზიკურად ძალიან რთულია ერთი ადამიანისთვის მთელ ეკონომიკას გასწვდეს“, - ამბობს მაია მელიქიძე.
აღსანიშნავია, რომ მაია მელიქიძე არაა ერთადერთი, ვინც 2017 წელს გაუქმებული ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენის საჭიროებას ხედავს. ბიუროკრატია და გადაწყვეტილების მიღების დაბალი ტემპი - ეს არის ორი ძირითადი ბიზნესისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, რასაც ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები გამოყოფენ.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც 2024 წელს, ეკონომიკის მინისტრის მაშინდელი მოადგილე რომეო მიქაუტაძე გადადგა, ენერგეტიკის სექტორს გამოკვეთილი კურატორი არ ჰყოლია. "ენერგეტიკის სფეროს მიმართულებით კურატორი მე ვიქნები" - უთხრა BMG-ის ლევან დავითაშვილმა 2024 წლის თებერვალში.
განახლება:
აღნიშნული მასალის გამოქვეყნებიდან 1.5 საათში bm.ge-ს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური დაუკავშირდა და ამჯერად, წერილობით მოგვწერეს, რომ სამინისტროში ენერგეტიკის სექტორს, ძირითადად, ვახტანგ ცინცაძე კურირებს, თუმცა რეფორმებს - გენადი არველაძე. სამინისტროს წერილობით განმარტებას უცვლელად გთავაზობთ:
"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ენერგეტიკის დარგს მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე კურირებს. ის, მინისტრთან ერთად, ახორციელებს და პასუხისმგებელია ენერგეტიკული პოლიტიკის წარმართვაზე. მის საკურატორო დეპარტამენტების ჩამონათვალშია ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტებისა და ენერგეტიკული საწარმოების მართვის დეპარტამენტები.
სამინისტროს სტრუქტურაში ასევე ფუნქციონირებს ორი სხვა დეპარტამენტი, რომელთა საქმიანობაც სხვა დარგებთან ერთად, ასევე, ეხება ენერგეტიკის სექტორსაც, თუმცა მათი პორტფელი მიმართულია საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვისკენ. გამომდინარე იქიდან, რომ საგარეო ურთიერთობას კურირებს მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებს, მათ შორის, ენერგეტიკაშიც, მიზანშეწონილად იქცა მიჩნეული, მის დაქვემდებარებაში გადასულიყო მხოლოდ ენერგეტიკული რეფორმებისა და ენერგოეფექტურობის დეპარტამენტები, მისი მიმართულების შინაარსიდან გამომდინარე".




























