მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, თანმიმდევრულად იზრდებოდეს ტურისტული ნაკადები" - ქვრივიშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის შედეგებზე

მარიამი

რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ ამ გადაწყვეტილების შედეგებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი BMG-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მეტი ტურისტის მიღება, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზით.

“ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანმიმდევრულად იზრდებოდეს ტურისტული ნაკადები და ტურიზმიდან შემოსავლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტი ტურისტი მივიღოთ, როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, რადგან ჩვენი კერძო სექტორი, მცირე და საშუალო მეწარმეები, ყველა ტურისტულ ბაზარზე საკმაოდ აქტიურად და წარმატებულად მუშაობენ”, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მიდგომა ფრენებთან დაკავშირებით განსხვავებულია, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობის ერთგულად რჩება.

“რუსეთთან პირდაპირი ფრენები გასულ წელს აღდგა. იცით, რომ საქართველოს აქვს განსხვავებული მიდგომა, მათ შორის ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან: საქართველო რჩება ერთგული იმ გადაწყვეტილების, რომლის თანახმადაც, აქ ვერ ოპერირებენ ავიაკომპანიები, რომლებიც არიან სანქცირებულთა სიაში. ასევე, ვერ იყენებენ ისეთ ხომალდებს, რომლებიც სანქცირებულია.

ეს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო თანამეგობრობის ერთგული, მეორე მხრივ კი, ვიღებთ ისეთ ავიაკომპანიებსა და ხომალდებს, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში, აქედან გამომდინარე ვხედავთ, რომ ტურისტული ნაკადების მიმოსვლა დაიწყო და სულ რამდენიმე დღეში გვექნება საფუძვლიანი შეჯამება, თუ რომელ ქვეყანას რა დადებითი ეფექტი ჰქონდა”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციასთან უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები 2023 წლის მაისიდან აღდგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები