მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკურად აქტიური საქართველოს მოსახლეობის 50.3%-ია - საქსტატი

5fea308fba9b9
შოთა ტყეშელაშვილი
28.12.20 23:44
1250
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონე 50.3%-ია. ამ მაჩვენებლის ცვლილება საქსტატის მიერ უმუშევრობის აღრიცხვის ახალი მეთოდოლოგიის გამოყენებას უკავშირდება. მეთოდოლოგიურ კორექტირებამდე, ეკონომიკურად აქტიურად 15 წელზე უფროსი მოსახლეობის 62.9% ითვლებოდა.

ცვლილება დასაქმებულის განმარტებაში შესულმა კორექტირებებმა განაპირობა. აქამდე დასაქმებულად ითვლებოდა 15 წლის და უფროსი მოქალაქე, რომელიც მატერიალური და არამატერიალური სარგებლის, მათ შორის ნატურის მიღების მიზნით ასრულებდა სამუშაოს. შესაბამისად, ავტომატურად თვითდასაქმებულებად ითვებოდნენ მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში საკუთარი თავის რჩენის მიზნით საქმიანობენ, თუმცა ამ მოქალაქეებს შესაძლოა რეალური მატერალური შემოსავალი არც გააჩნდათ. ახალი კლასიფიკაციით კი თვითდასაქმებულებად აღარ ითვლებიან ისინი, ვინც საკუთარი თავისთვის ნატურის მოყვანით არიან დაკავებული. შესაბამისად, სოფლად თვითდასაქმებულებად არიან ისინი, ვინც საკუთარი მოყვანილი პროდუქციის რეალიზაციას ახდენს. ამ მეთოდოლოგიურ ცვლილებამდე სოფლად უმუშევრობის მაჩვენებელი 5.5% იყო, განახლებული მეთოდოლოგიის თანახმად კი სოფლად უმუშევრობის დონე 16.7% გახდა. ამ მეთოდოლოგიურმა ცვლილებამ განაპირობა ის, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე 11.6%-ის ნაცვლად, 17% გახდა.

ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის რაოდენობის მატებაც ამ მეთოდოლოგიურმა ცვლილებამ განაპირობა. ადამიანებმა, რომლებიც მხოლოდ საკუთარი თავის რჩენისთვის ნატურის მოყვანით არიან დაკავებული თვითდასაქმებულის სტატუსი დაკარგეს და ეკონომიკურად არააქტიურის სტატუსი მიიღეს. თავად “ეკონომიკურად არააქტიურის” სტატუსი ნიშნავს, რომ ეს მოქალაქეები მათ მიერ წარმოებული პროდუქციის/მომსახურების “რეალიზაციით” არ არიან დაკავებულნი.



საქართველოს მიერ დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკის მეთოდოლოგიის ცვლილება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წინაშე აღებულ ვალდებულებას წარმოადგენდა.

“შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი სტანდარტის დანერგვა ითვალისწინებს თვითდასაქმებულთა გადაკვალიფიცირებას და სამუშაო ძალის დამატებითი ინდიკატორების გაანგარიშებას. კერძოდ, ახალი სტანდარტით თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ უმთავრესად (50%-ზე მეტი) საკუთარი მოხმარებისთვის. აღნიშნული სტატუსის მქონე პირები გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართა კატეგორიაში ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით, ეძებდნენ თუ არა სამუშაოს და მზად იყვნენ თუ არა სამუშაოს დასაწყებად", - ნათქვამია საქტსტატის განმარტებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები