მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში ისევ უმსხვილესი კომპანიები იქნებიან, რადგან მათ მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგების გასაჯაროება უწევთ. ამჯერად ჯერი შემდეგ კომპანიებზე მიდგება: Apple, Microsoft, Amazon, Meta, Qualcomm, Visa, Mastercard, UnitedHealth, Boeing, Exxon Mobil, Chevron და Berkshire Hathaway.
საერთო ჯამში, მომავალი კვირა ინვესტორებისათვის ძალიან დატვირთული იქნება და ამას ისიც დაემატება, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. დიდი ალბათობით, FED-ის კომიტეტი განაკვეთს უცვლელად დატოვებს, თუმცა მისი შემცირებაც არ არის გამორციხული, რასაც საფონდო ბირჟაზე დიდი ზრდა შეიძლება მოჰყვეს.
განსაკუთრებით დაძაბული კვირა ელის ევროზონასაც, რომელიც ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის სტატისტიკას გაგვაცნობს. სავარაუდოდ, მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 1.5%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო ინფლაცია 2%-ის დიაპაზონში დასტაბილურდება.
გარდა ამისა, მომავალ კვირას რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ჩინეთის, იაპონიის და კანადის ცენტრალური ბანკებიც მიიღებენ, ანუ ამ მიმართულებით სიახლეები არ მოგვაკლდება.
საერთო ჯამში, მომავალ კვირას მთელი ყურადღება მაინც კორპორაციულ სექტორზე იქნება მიპყრობილი, რაც ფინანსური შედეგების გასაჯაროებითაა განპირობებული, შეიძლება ითქვას, რომ ეს წლევანდელი ზაფხულის ყველაზე დატვირთული და დაძაბული კვირა იქნება.
რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:
- ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის მაისი)
- ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლები (2024 წელი)
- სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის ივნისი)
- ინფორმაცია ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ (2025 წლის I-II კვარტალი)
- უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა (2025 წლის II კვარტალი)


























