მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში აშშ-ის ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა იქნება, რომელსაც ინვესტორები განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან. ამასთან, მომდევნო დღეების განმავლობაში გავეცნობით უმუშევრობის და სამუშაო ადგილების შექმნის განახლებულ მაჩვენებლებს.
საკმაოდ დატვირთული კვირა ელის იაპონიასაც, რომლის სტატისტიკის სამსახური უმუშევრობასთან, ინდუსტრიულ წარმოებასთან, კერძო სექტორის შემოსავლებთან და ვაჭრობასთან დაკავშირებით ახალ მონაცემებს წარმოადგენს.
უნდა აღინიშნოს, რომ მომავალი კვირა უფრო მეტად დატვირთული გეოპოლიტიკური სიახლეებით იქნება, ვიდრე მაკროეკონომიკური მოვლენებით.
მთავარ ყურადღებას, ცხადია, ისევ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესი მიიქცევს, რომელთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში პოზიტიური ძვრები ჩანს.
ამასთან, მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში პლანეტის უმსხვილესი კომპანიები იქნებიან. მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს შემდეგი კომპანიები გაგვაცნობენ: JBS, BHP, Korea Power, Lufax და Ennis.
რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:
• კაპიტალის ანგარიში მიმდინარე ფასებში (2024 წელი, დაზუსტებული)
• რეგიონული მთლიანი შიდა პროდუქტი (2024 წელი)
• მრეწველობის პროდუქციის ინდექსი (2025 წლის III კვარტალი)
• სექტორული ანგარიშები მიმდინარე ფასებში (2024 წელი, დაზუსტებული)


























