მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში პლანეტის უმსხვილესი კომპანიები იქნებიან. მათ შორის, მეოთხე კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს შემდეგი კომპანიები გაგვაცნობენ: Walmart, Alibaba, HSBC, Booking.com, Palo Alto, Rio Tinto, Moody's, Carvana, DoorDash და Occidental Petroleum.
გარდა ამისა, მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში იაპონია იქნება, რომელმაც IV კვარტლის ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა უნდა გაგვაცნოს. ექსპერტების შეფასებით, მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 0.4%-ის ფარგლებში იქნება. აგრეთვე, მომავალ კვირას გავეცნობით ქვეყნის ვაჭრობის, იმპორტის, ექსპორტის და ინფლაციის სტატისტიკასაც.
დატვირთული კვირა ელის აშშ-ის ეკონომიკასაც, რადგან FED-ის ხელმძღვანელობამ საჯარო მიმართვის დროს სამომავლო მონეტარულ პოლიტიკაზე უნდა ისაუბროს. ასევე, მომდევნო დღეებში უნდა გავეცნოთ უძრავი ქონების და ადგილობრივი გაყიდვების დინამიკას.
კვირის მთავარი სტატისტიკა აშშ-ის საბაზისო ინფლაციასთან და ეკონომიკურ ზრდასთან იქნება დაკავშირებული, რომელთან მიმართებით ანალიტიკოსებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ.
ასევე, არ უნდა გამოგვრჩეს გეოპოლიტიკური მოვლენები, რადგან ამ მიმართულებით განსაკუთრებით ყურადღების ცენტრში ირანი და რუსეთი არიან.
რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:
- სამუშაო ძალის მაჩვენებლები (დასაქმება და უმუშევრობა), (2025 წლის IV კვარტალი)
- საგარეო ვაჭრობა (2026 წლის იანვარი)
- ადგილობრივი ექსპორტი (2026 წლის იანვარი)
- სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის იანვარი)
- სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის იანვარი)


























