რუსეთის შესუსტებული ომის ეკონომიკა ტრამპთან სამიტის წინ პუტინის პრობლემებს კიდევ უფრო ამძაფრებს - ამ სათაურით აქვეყნებს Bloomberg ანალიზს, სადაც აშშ-სა და რუსეთის ლიდერების დღეს დაგეგმილი შეხვედრის წინ იმ ეკონომიკურ რისკებს მიმოიხილავს, რომლის წინაშეც კრემლი იმყოფება.
გამოცემა მიუთითებს რუსეთის ეკონომიკის მზარდ სისუსტეზე დიდი სამხედრო ხარჯებისა და დასავლეთის სანქციების პირობებში და აღნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკის ზრდა შეჩერებულია - წელს მოსალოდნელია დაახლოებით 0.5-1%-ის დონეზე, ნავთობიდან მიღებული შემოსავლები შემცირდა, ბიუჯეტის დეფიციტი სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა - ფედერალური ბიუჯეტის 40%-მდე თავდაცვის ხარჯებზე მიდის, ინფლაცია (9.5%) და საპროცენტო განაკვეთები (21%) მტკივნეულად მაღალი რჩება, ქვეყნის ბანკების კედლებს მიღმა, ზოგიერთი ინსაიდერი შეშფოთებას გამოთქვამს მოახლოებული ვალის კრიზისის შესახებ.
გარკვეული ადაპტაციის ტაქტიკის მიუხედავად, როგორიცაა მათ შორის ექსპორტის არადასავლურ ბაზრებზე გადამისამართება, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა არასტაბილური რჩება. ანალიტიკოსების თანახმად, კრემლის უნარი, შეინარჩუნოს საომარი ძალისხმევა, სულ უფრო მეტად იკლებს ფინანსური რეზერვების შემცირებისა და მზარდი დეფიციტის გამო.
ტრამპმა ამ კვირაში თქვა, რომ პუტინმა ყურადღება რუსეთის ეკონომიკის აღდგენაზე უნდა გაამახვილოს, რომელიც „ამჟამად კარგად არ მიდის“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ პუტინი სანქციების შემსუბუქების მოპოვებას ცდილობს, რაც კრემლის ეკონომიკურ დაუცველობას უსვამს ხაზს.
სამიტის დრო ემთხვევა იმ ნიშნებს, რომ შესაძლოა რუსეთი იძულებული გახდეს დათმობებზე წავიდეს - ეკონომიკური ზეწოლა შესაძლოა მოსკოვის ყველაზე მნიშვნელოვანი დაუცველობა იყოს.
დღეს, 15 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ლიდერები უკრაინაში ომის დასრულების საკითხს განიხილავენ ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯის ჩრდილოეთით მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე. შეხვედრა მოსკოვის დროით 22:30 (თბილისის 23:30) საათზე დაიწყება.




























