მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკური სტაბილურობის შედეგად, მზარდია ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა - ირაკლი კობახიძე

სს

"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური სტაბილურობის შედეგად, მზარდია ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა, რაშიც ძალიან დიდ როლს ასრულებს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ლარის საიუბილეო წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის და ასევე კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, რეგიონში გვაქვს სამაგალითო საბანკო სექტორი, ამასთან ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა სწრაფი ეკონომიკური ზრდით, ამ კუთხით ვართ ლიდერი არამხოლოდ ჩვენს ფართო რეგიონში, არამედ მთლიანად, კონტინენტის მასშტაბით.

გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ, თითქმის, 10 % შეადგინა, რაც, დამეთანხმებით, ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ასევე, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან, 3 %-იან მაჩვენებელთან ძალიან ახლოს არის, გვაქვს ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი ხარისხი და ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზების მიხედვით, საქართველო, მსოფლიო მასშტაბით, მოწინავე სამეულშია ეკონომიკური ზრდის პროგნოზის თვალსაზრისით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაგრძელდეს განვითარების ეს გზა. ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ვართ ღია ინვესტიციებისთვის, ეკონომიკური აქტივობისთვის ჩვენს ქვეყანაში და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ეკონომიკის განვითარებას, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი ფაქტორია ეროვნული ვალუტის სიმყარისთვის.

ეკონომიკური სტაბილურობის შედეგად, მზარდია ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა, რაც დიდ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და თავისთავად, ამაში ძალიან დიდ როლს ასრულებს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული თანმიმდევრული პოლიტიკა, მათ შორის, ლარიზაციის პოლიტიკა, ეფექტური მონეტარული და საზედამხედველო მიდგომები.

ხელშესახები შედეგიც სახეზეა - თუ 2015 წელს დეპოზიტების 70% უცხოურ ვალუტაში იყო განთავსებული, დღეს დეპოზიტების თითქმის ნახევარი (48%) ლარშია დენომინირებული, რაც ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი ორიენტებულია კონკურენციის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობაზე, გაზრდილია ბიზნეს სესხების რაოდენობა, რაც მეტ ინვესტიციას, ადგილობრივი ბიზნესის ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ნიშნავს.

„ქართული საბანკო სისტემა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია და წლიდან წლამდე ვითარდება, სისტემის აქტივები თითქმის 100 მილიარდ ლარს აღწევს, რაც აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის მაჩვენებელზე მაღალია.

ეროვნული ბანკი და მთელი საფინანსოს სისტემა მტკიცედ იცავენ საერთაშორისო სანქციების, რაც ცალკე აღნიშვნის ღირსია, ასევე იცავენ ადგილობრივ კანონმდებლობას. საქართველოს საფინანსო სექტორის მხრიდან საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ეროვნული ბანკის რეგულაციები და საზედამხედველო ჩარჩო სრულ თანხვედრაშია მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან. რა თქმა უნდა, ამ წარმატებებში საფინანსო სექტორის როლი ფასდაუდებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის საბჭოსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის საბჭოს, განსაკუთრებული მადლობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნათია თურნავას, სწორედ მათი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს ქართული ლარი არის სტაბილური, ჩვენი ეროვნული ვალუტა არის მყარი, რაც ხელს უწყობს ჩვენი ეკონომიკური სისტემის განვითარებას. მინდა, მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ლარის 30-წლოვან იუბილეს და მინდა, გისურვოთ ყველას წარმატებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები