„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი ივა ჭყონია აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდა რიცხვებში კარგია, მაგრამ ამას ქვეყნის მოსახლეობაც უნდა გრძნობდეს. როგორც გადაცემა „ანალიტიკაში“ საუბრისას, ჭყონიამ აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის პარალელურად, უნდა დავაკვირდეთ სასურსათო კალათის ფასების ცვლილებასაც, რაც გაზრდილია.
„ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვამბობთ, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, დიახ, გვაქვს, რა თქმა უნდა ციფრებში, მაგრამ ძალიან კარგად გრძნობს ქვეყნის მოსახლეობა, რომ უმრავლესობის ჯიბეზე ეს არ აისახება. შეიძლება არის გარკვეული ჯგუფი - 1000-2000 ადამიანი, ვის ჯიბეზეც, ეს რადიკალურად დადებითად აისახება, კარგი გაგებით, დიდ შემოსავალს იღებენ, მაგრამ მასობრივად მოსახლეობაზე ამას ვერ ვიტყვით,
ამასთან, როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ინფლაციის მაჩვენებლებს. ინფლაციაც ბოლო პერიოდში მიზნობრივთან ახლოს ტრიალებს, 2-4%-მდეა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ქვეჯგუფებად რომ დავყოთ, ვნახავთ სასურსათო კალათის ცვლილებას, რომელიც ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რა იყო კალათა ორი წლის წინ, და რა არის დღეს?!
ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებითაც შეგვიძლია ვნახოთ, რა დარგებშია ზრდა და სად გვაქვს ჩავარდნა. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია თავად მოსახლეობა რას გრძნობს და რამდენად გრძნობს თავის ჯიბეზე“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.
ცნობისთვის, მაისში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, 5 თვეში კი - 8.8%-ით (წ/წ). დარგების მიხედვით, ზრდა დაფიქსირდა ყველა მიმართულებით, გარდა ენერგეტიკის და საფინანსო სექტორებისა.
რაც შეეხება ინფლაციას, ივნისში წლიური ინფლაცია 4%-მდე გაიზარდა. ინფლაციის ასეთი მატება, პირველ რიგში, სურსათის ფასების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა, რაც წლიურად 10%-ით არის გაზრდილი. ქვეყანაში ასეთი მაღალი ინფლაცია 2023 წლის მარტის შემდგომ არ ყოფილა.




























