გთავაზობთ გასული კვირის - 30 მარტი - 5 აპრილის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.
საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი 21-33%-ით გაძვირდა
30 მარტს, სემეკმა ელექტროენერგიის ახალი ტარიფები დაადგინა. შედეგად 1 აპრილიდან ელექტროენერგია ყველა ტიპის მომხმარებლისთვის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული სექტორისთვის გაძვირდა. ტარიფის ზრდა კილოვატზე 5 თეთრს შეადგენს.
თბილისში განახლებული დენის ტარიფი:
- 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) ტარიფი ასევე 5 თეთრით 20.041 თეთრამდე გაძვირდება. ზრდა 33%;
- 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) ასევე 5 თეთრით 24.953 თეთრამდე ძვირდება. ზრდა 26%;
- 301 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) ტარიფი ასევე 5 თეთრით 28.537 თეთრამდე ძვირდება. ზრდა 21%;
რეგიონებში დენის ტარიფები:
- 0–101 კვტ.სთ მოხმარების აბონენტები (და საერთო მრიცხველის მქონე): ტარიფი იზრდება 14.731-დან 19.731 თეთრამდე (ზრდა 5 თეთრი), რაც 33.9%-იან მატებას ნიშნავს.
- 101–301 კვტ.სთ მოხმარების აბონენტები: ტარიფი იზრდება 18.707-დან 23.707 (ზრდა 5 თეთრი) თეთრამდე, რაც 26.7%-იანი მატებაა.
- 301 კვტ.სთ-ზე მეტი მოხმარების აბონენტები: ტარიფი იზრდება 23.227-დან 28.227 (ზრდა 5 თეთრი) თეთრამდე, რაც შეადგენს 21.5%-იან მატებას.
მარტში ინფლაციამ 4.3% შეადგინა
საქსტატმა 2026 წლის მარტის წლიური ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასულ თვეში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა. შედარებისთვის, თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენდა, შესაბამისად, ის 0.3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. წლიური ინფლაციის ტემპის შემცირებაზე გავლენა მოახდინა სურსათის სექტორმა, სადაც ფასები წლიურ ჭრილში 7.5%-ით არის გაზრდილი, შედარებისთვის წინა თვეებში სურსათის გაძვირება წლიურ ჭრილში 9-10%-საც შეადგენდა, შესაბამისად სურსათის გაძვირების ზრდის ტემპის შენელებამ წლიური ინფლაციის მაჩვენებლის კლება განაპირობა.
შესაბამისად, ჯერჯერობით, ინფლაციის სტატისტიკაზე საწვავის გაძვირების ეფექტი სრულად არ ასახულა, რაც განსაკუთრებით მარტის უკანასკნელ დღეებში გაძვირდა, ხოლო 2026 წლის 1 აპრილიდან კი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფიც გაიზარდა, რაც უკვე აპრილის ინფლაციაზე მოახდენს გავლენას.
ავტომობილების იმპორტის აქციზის გადასახადი გაიზარდა
საქართველოს პარლამენტმა 71 ხმით 11-ის წინააღმდეგ მსუბუქი ავტომობილების განბაჟების ტარიფებთან დაკავშირებით ქართული ოცნების დეპუტატების მიერ მომზადებული ინიციატივა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილება შეეხება ყველა ავტომობილს, რომელიც 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით არ იყო საქართველომდე ტრანსპორტირების პროცესში, შესაბამისად, იმ ავტომობილებს რომელთა ტრანსპორტირებაც ამჟამად დაწყებული არაა, გაძვირებული განბაჟების აქციზი შეეხება. ცვლილება ქვეყანაში ახალი ავტომობილების იმპორტის ზრდის ტემპის შემცირებას ისახავს და ის აძვირებს როგორც 6 წლამდე ავტოიმპორტის აქციზსს, ასევე 6 წელზე მეტი ხნის წინ წარმოებული ავტომობილების აქციზსს.
- 1 წლამდე ავტომობილებისთვის - მოქმედია 1 სმ³-ზე 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
- 1 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
- 2 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
- 3 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.4 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 7%;
- 4 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.2 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 25%;
- 5 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 50%;
- 6 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 0.8 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 88%;
- 6 წლის და მეტი ავტომობილები - მოქმედია 0.8 ლარი; იქნება 4.5 ლარი, მატება 560%.
6 წლამდე ჰიბრიდული ავტომობილები აქციზის 60%-ის შეღავათით ისარგებლებენ. ელექტრომობილები კვლავინდებურად აქციზისგან იქნებიან გათავისუფლებული.
2026 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა
საქსტატმა 2026 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-თებერვალში ჯამურად ეკონომიკის ზრდა 8.4% იყო. საქსტატის თანახმად, გასული თვის განმავლობაში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 13.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 10.7%-ით გაიზარდა. კონკრეტული დარგების მიხედვით ზრდა ფაქტობრივად ყველა მიმართულებით აღინიშნება გარდა ენერგეტიკისა და მშენებლობის სექტორებისა. "2026 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, დამამუშავებელი მრეწველობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
"თანაინვესტირების ფონდმა" 54-მეგავატიანი "მტკვარი ჰესი" გამოისყიდა
ფონდმა ეს აქტივი 2024 წლის ივლისში „ჰიდროენერჯიუსს“ მიჰყიდა, თუმცა გამოსყიდვის ოფციის გამოყენებით ისევ დაიბრუნა. გარიგებების ღირებულება კონფიდენციალურია. ბიზნეს რეესტრის მიხედვით, „მტკვარი ჰესი“ ამჟამად ბანკის იპოთეკით არის დატვირთული. ჰესმა მუშაობა 2025 წელს დაიწყო და უკვე გამოიმუშავებს ელექტროენერგიასა და შემოსავალს — 2025 წელს 213 მილიონი კილოვატ საათი, ხოლო 2026 წლის პირველ ორ თვეში 28.4 მილიონი კილოვატ საათი. თავდაპირველად პროექტის ღირებულება 140 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა მოგვიანებით 236 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და ნეგატიური პერსპექტივა უცვლელად შეინარჩუნა
"ნეგატიური" პერსპექტივა შესაძლოა შეიცვალოს "სტაბილურით", თუ პოლიტიკური რისკები საგრძნობლად შემცირდება", რაც საქართველოს ინსტიტუტებისა და მმართველობის მდგრად გაუმჯობესებას გაუხსნის გზას - ნათქვამია საერთაშორისო სააგენტო Moody's-ის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში. ორგანიზაციამ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე, ხოლო პერსპექტივა „ნეგატიურზე“ დატოვა. Moody's-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა ჯერ კიდევ 2025 წლის მარტში გააუარესა და კვლავ ნეგატიურ პერსპექტივას ინარჩუნებს. შეფასებაში გავლენიანი სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ საკრედიტო რეიტინგი ერთი მხრივ ქვეყნის ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს (მყარი ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტის და სახელმწიფო ვალის კლება, რეზერვების ზრდა), ხოლო მეორე მხრივ გაუარესებულ ინსტიტუციურ მდგრადობას და შიდაპოლიტიკურ დაძაბულობას ასახავს და რეიტინგის გაუმჯობესების ძირითადი მდგენელი სწორედ პოლიტიკური რისკების შემცირებასთან იქნება დაკავშირებული.
2026 წლის ორ თვეში ქართულმა ბანკებმა 550 მილიონი ლარის მოგება მიიღეს
საქართველოში კომერციული ბანკების მოგება 550 მილიონი ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ ბანკების მიერ ეროვნულ ბანკისთვის წარდგენილი 2026 წლის იანვარ-თებერვლის ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა. მოგება წლიურ ჭრილში 88 მილიონი ლარით, ანუ 19%-ით არის გაზრდილი. ამასთან, 19 ბანკიდან 15 მოგებაზეა, 4 კი ზარალზე. ბანკებიდან ყველაზე მაღალი - 280 მილიონი ლარის მოგება "საქართველოს ბანკს" აქვს, რაც წლიურად 9%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი" 203 მილიონი ლარით (+18% წინა წელთან შედარებით), მესამე პოზიციას კი კვლავ "ლიბერთი ბანკი" იკავებს 19.4 მილიონი ლარის მოგებით (+5% მატება წინა წელთან). რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის არიან - პეისერა ბანკი; ჰეშბანკი; სილქ ბანკი და ვითიბი ბანკი საქართველო. ყველაზე დიდი - 6.5 მილიონი ლარის ზარალი 2026 წლის იანვარ-თებერვალში სწორედ ვითიბი ბანკს ჰქონდა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის 10-წლიანი ვიზების გაცემა შეწყდა, ხოლო ვიზის მისაღებად $15,000-მდე დეპოზიტის გარანტია დაწესდა
2026 წლის 2 აპრილიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების გაცემის წესი შეიცვალა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო იმ 50 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომლებზეც „სავიზო საგარანტიო საპილოტე პროგრამა“ გავრცელდა. ცვლილებების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები ტურისტულ და ბიზნეს (B1/B2) ვიზებს ვეღარ მიიღებენ 10-წლიანი ვადით. ამიერიდან ვიზა გაიცემა მხოლოდ ერთჯერადად, 3 თვის ვალიდობით და ქვეყანაში მაქსიმუმ 30 დღით დარჩენის უფლებით. ახალი რეგულაციით, აპლიკანტებს ვიზის მისაღებად შესაძლოა დასჭირდეთ ფინანსური გარანტიის, ე.წ. ბონდის წარდგენა. თანხის ოდენობას 5 000, 10 000 ან 15 000 აშშ დოლარს საკონსულო ოფიცერი ინტერვიუს დროს განსაზღვრავს.
საქართველოს საინვესტიციო ვიზის მისაღებად უცხოელებს ქვეყანაში მინიმუმ $150,000-ის ქონების შეძენა მოუწევთ
საქართველოში ქონების ფლობასთან დაკავშირებული D5 კატეგორიის ვიზის გაცემის საფუძვლები გამკაცრდა. მთავრობის დადგენილებით, უცხოელი D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საქართველოში 150 000 დოლარზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას უნდა ფლობდეს, აქამდე მოქმედი ზღვარი კი 100 000 დოლარი იყო. შესაბამისად, D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 150 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ზღვარი 35 000 დოლარი იყო, რაც შემდგომ 100 000 დოლარამდე გაიზარდა.
სუს-მა თბილისში უფასო სასადილოების სისტემიდან 3.5 მილიონი ლარის მითვისებისთვის კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელები დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს კომპანიების დირექტორები, რომლებიც უფასო სასადილოებით გაწევისას ₾3,5 მლნ-ის ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ. როგორც განცხადებიდან ირკვევა, საუბარია რამდენიმე კომპანიაზე, რომლებიც უფასო სასადილოების სერვისების მიწოდებით იყვნენ დაკავებული, მათ შორის არის კომპანია Aladashvili & co, რომელმაც სხვადასხვა ტენდერის ფარგლებში არაერთი ქვეკონტრაქტორი დაიქირავა, რომლებმაც თანხები არაჯეროვნად განკარგეს. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის თანახმად, კომპანიას წლების განმავლობაში 87 ტენდერის მეშვეობით 62 მილიონი ლარი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული.
კერძოდ, სუს-ის განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 5 პირი: სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების ოთხი დირექტორი და კომპანიის ერთი თანამშრომელი.
ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთიდან ენერგომომარაგება შეწყდა, რეგიონი სრულად ენგურჰესის ელექტროენერგიით მარაგდება
რუსეთმა აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვიტა. 1 აპრილიდან რეგიონი სრულად ენგურჰესის ელექტროენერგიით მარაგდება. რეგიონი ზამთრის სეზონზე, მაშინ როდესაც ენგურის წყალსაცავში წყლის დაბალი დონეა ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს, გაზაფხულის სეზონიდან კი მისი მომარაგება კვლავ ენგურჰესიდან ხდება. შესაბამისად, ამჟამად ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი რეგიონის ელექტრომომარაგებაზე იხარჯება.




























