"ეკონომიკური ზრდა ნორმალიზდება, ორნიშნა ზრდის პოტენციალი ჩვენს ეკონომიკას არ აქვს", - ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა. როგორც იანვრის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას, ეკონომისტმა აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების მიზეზი მიგრაციის ეფექტის შემცირებაა.
"ეკონომიკური ზრდა ნორმალიზდება. ნორმალიზდება შესაფერისი ტერმინია, რადგან ორნიშნა ზრდის პოტენციალი ჩვენს ეკონომიკას არ აქვს. მიგრაციის ეფექტი გარკვეულწილად კიდევ უფრო შემცირდება. დაახლოებით, 20-25%-იან შემცირებას ველით. მიუხედავად ამისა, სხვა ფაქტორები ამას აბალანსებს. ამ თვეებშიც, როცა მიგრაციის კლებად ეფექტს ვხედავთ, სავალუტო შემოდინებები არ მცირდება. სხვა ფაქტორების კომბინაცია აბალანსებს", - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.
საქართველოს ეკონომიკა იანვარში 5.8%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი ნარჩუნდება, თუმცა როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში ზრდის ტემპი შენელებულია.
"თიბისი კაპიტალი" ელის, რომ 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით გაიზრდება. "გალტ&თაგარტის" საბაზისო სცენარით, წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-ია. PMCG-ის განახლებული მიმოხილვით კი წელს 5.2%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.