სავალუტო შემოდინებები, ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ტურიზმის ზრდა, თიბისის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ეს ის არგუმენტებია, რამაც თებერვალში ეკონომიკის 9,5%-მდე ზრდა განაპირობა. გასათვალისწინებელია მიგრანტების ეფექტიც, რომელთა ნაკადი შემცირდა, თუმცა ოთარ ნადარაიას განცხადებით, შემცირების ტემპი შეჩერდა და ამ მხრივ მცირედი გაუმჯობესებაა.
„ვნახეთ, რომ სავალუტო შემოდინებები გაძლიერდა მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციის პიკი გავლილია და მიგრაცია მცირდებოდა, თუმცა წმინდა სავალუტო შემოსავლები, ექსპორტი, გზავნილები, რუსეთის შესწორების შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებით კაპიტალის კომპონენტი და ტურიზმი გაძლიერდა.
ასევე რასაც ჩვენ ვხედავთ, მიგრაციის პიკი გავლილია, მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ თიბისის არხებით მიგრანტების მიერ თიბისის ბარათებით ხარჯებიდან გამომდინარე, მცირე გაუმჯობესებაა მიგრაციის ნაკადის. პიკთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ შემცირების ტემპი გაჩერდა და მცირე გაუმჯობესებაა, რაც ჩანს ბოლო თვეებში. ძალიან უხერხულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ვიცით რაც ხდება სამწუხაროდ უკრაინაში, ასევე არის საუბარი შემდგომ მობილიზაციის შესაძლებლობაზე რუსეთში და ბუნებრივია ალბათ ამ თემას უკავშირდება, რომ პიკის გავლის მიუხედავად გვაქვს გარკვეული გაუმჯობესება“,-განმარტავს BMG-სთან ნადარაია.
პოზიტიური განწყობა ბიზნესში, ინვესტიციების განხორციელების მზაობა და ოპტიმისტური დამოკიდებულება ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართ - ეკონომისტების მეორე ნაწილი, სწორედ ამ ფაქტორებით ხსნის გასულ თვეში ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებას. PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი BMG-სთან ამბობს, რომ ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ბუსტერია ტურიზმიც.
„როგორც ჩანს ბიზნესი ოპტიმისტურად შეხვდა 2024 წელს და ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი. განსაკუთრებით გამოვარჩევდი მაინც რამდენიმე სექტორს, როგორიც არის მშენებლობა, როგორიც არის ტრანსპორტი/ლოგისტიკა, ზოგადად მაღალი ზრდა გვაქვს IT-ის მიმართულებით და მეორე ფაქტორი, რაც შეიძლება ითქვას, რომ პირველს კვებავს, ეს არის საკმაოდ ოპტიმისტური განწყობა დაკავშირებული ევროინტეგრაციის საკითხებთან, ზოგადად განწყობა მოსახლეობაში და ბიზნესში და ეს პოზიტივი თავისთავად დიდ როლს თამაშობს რეალურ შედეგებში.
ასევე მონაცემების საფუძველზე ვამჩნევთ, რომ ტურიზმის სექტორი ფაქტობრივად უკვე დაუბრუნდა პრე-პანდემიურ მდგომარეობას[ თუ არ გადაასწრო], რაც განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე ანუ იანვარ-თებერვლის თვეში მნიშვნელოვანი ბუსტია ეკონომიკისთვის“,- აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.
საბაზო სცენართან შედარებით ეკონომიკის უფრო მაღალი ზრდის გამო საქართველოს მთავრობა სავარაუდოა, რომ სწორედ ზრდის მიმართულებით გადახედავს 2024 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზს, მაშინ როცა აქამდე მშპ-ს 5,2%-მდე ზრდა იყო ნავარაუდევი. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.7%-მდე უკვე გაზარდა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.