მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბოლო პერიოდში ჩანს, რომ ეკონომიკა ნორმალიზდება და ისევ ძლიერი რჩება“ - ოთარ ნადარაია

ოთარ ნადარაია

„ბოლო პერიოდში ჩანს, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, ეკონომიკის ზრდის ტემპი მცირდება, თუმცა ნორმალიზდება და ისევ და ისევ ძლიერი რჩება“, - ასე აფასებს თიბისის კაპიტალის მთავარი ეკონომისტი თებერვალში ეკონომიკის 9,5%-მდე ზრდას.

„თიბისი კაპიტალის“ წინა შეფასებით, 2024 წელს მშპ 5,6%-ით გაიზრდება, თუმცა როგორც ოთარ ნადარაია აცხადებს, საბაზო სცენართან შედარებით ეკონომიკის უფრო მაღალი ზრდის არგუმენტები არსებობს, რის გამოც მომავალ კვირაში საინვესტიციო ბანკი არსებულ პროგნოზს გაზრდის. „უფრო მაღალი ზრდა იქნება... 6%-ზე ზემოთ“, - განუცხადა ნადარაიამ BMG-ს.

სავალუტო შემოდინებები, ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ტურიზმის ზრდა, თიბისის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ის არგუმენტებია, რამაც თებერვალში ეკონომიკის 9,5%-მდე ზრდა განაპირობა. გასათვალისწინებელია მიგრანტების ეფექტიც, რომელთა ნაკადი შემცირდა, თუმცა ნადარაიას განცხადებით, შემცირების ტემპი შეჩერდა და ამ მხრივ მცირედი გაუმჯობესებაა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ სავალუტო შემოდინებები გაძლიერდა მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციის პიკი გავლილია და მიგრაცია მცირდებოდა, თუმცა წმინდა სავალუტო შემოსავლები, ექსპორტი, გზავნილები, რუსეთის შესწორების შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებით კაპიტალის კომპონენტი და ტურიზმი გაძლიერდა.

ასევე რასაც ჩვენ ვხედავთ, მიგრაციის პიკი გავლილია, მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ თიბისის არხებით მიგრანტების მიერ თიბისის ბარათებით ხარჯებიდან გამომდინარე, მცირე გაუმჯობესებაა მიგრაციის ნაკადის. პიკთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ შემცირების ტემპი გაჩერდა და მცირე გაუმჯობესებაა, რაც ჩანს ბოლო თვეებში. ძალიან უხერხულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ვიცით რაც ხდება სამწუხაროდ უკრაინაში, ასევე არის საუბარი შემდგომ მობილიზაციის შესაძლებლობაზე რუსეთში და ბუნებრივია ალბათ ამ თემას უკავშირდება, რომ პიკის გავლის მიუხედავად გვაქვს გარკვეული გაუმჯობესება“, - განმარტავს ნადარაია.

სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს შორის თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ასახელებს.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება, რაც დამატებით სტიმულს აძლევს საკრედიტო აქტივობას, იმ გარემოებებში, როცა კიდევ მეტი შემცირება შეიძლება, მაგრამ დოლარის და ევროს განაკვეთები ჯერ კიდევ მაღალია და ბუნებრივია ეს არის ხელის შემშლელი ფაქტორი ერთი მხრივ, მეორე მხრივ ხელშემწყობი ფაქტორია, რომ სავალუტო შემოდინებები ძლიერია. რამდენიმე თეთრით არის კურსზე ზეგავლენა, მაგრამ ეს არ ყოფილა ისეთი მკვეთრი შემცირება, რომ ლარის კურსის მიმართულებით გამოიწვევდა პრობლემებს“, - განმარტავს ნადარაია.

თებერვალში 9,5%-იანი ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მაღალია ორი თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელიც. საქსტატის თანახმად, იანვარ-თებერვალში მშპ-ს საშუალო მაჩვენებელმა 7.7% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ, საქართველოს მთავრობა წელს 5.2%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ზრდის პროგნოზი გადაიხედება. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.7%-მდე გაზარდა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები