დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყნის მთავარი მარეგულირებელი უწყების რეფორმირებისთვის კონსულტაციების გამართვა დაიწყო. როგორც ირკვევა, სტარმერის გუნდს უწყების და მისი მექანიზმების სრულიად შეცვლა სურს, რათა ანტიმონოპოლიურ საკითხებთან დაკავშირებული საკითხები გაცილებით სწრაფად გადაწყდეს და მათი ვერდიქტების პროგნოზირება გამარტივდეს, რომ კომპანიებს შეეძლოთ მათ მიერ ან მათ წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის შესაძლო შედეგებისათვის დროულად მომზადება.
როგორც ცნობილია, როცა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შედის, ეს ინვესტორების განწყობებზე უარყოფითად აისახება და თუ საქმის განხილვა იწელება, ამან კომპანიის განვითარებას მნიშვნელოვნად შეიძლება შეუშალოს ხელი. ამასთან, გამარტივდება კორპორაციული გარიგებების დადებაც, რაც წლების განმავლობაში ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად სახელდებოდა. კომპანიებს, რომლებსაც ე.წ. მერჯერის განხორციელება სურდათ, უწევდათ რთული პროცედურის გავლა, რაც ხშირ შემთხვევაში წელიწადზე მეტ დროს მოითხოვდა.
როგორც სტარმერის კაბინეტში აცხადებენ, განახლებული მარეგულირებელი უწყებისთვის გამოძიების პროცესიც გამარტივდება და შეიქმნება უფრო მკაფიო კანონმდებლობა, რომლითაც ისინი იხელმძღვანელებენ, რათა საქმეების იურიდიულად გაჭიანურების რისკები შემცირდეს. რეფორმირების მიუხედავად, ორგანო სრულ დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობაში მოელიან, რომ ეს რეფორმა სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკური ზრდისთვის ხელშემშლელ ფაქტორს შეამცირებს და ნაკლები რეგულირებით კორპორაციული გარიგებების გაფორმებას წაახალისებს.




























