მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაიზარდა - მიზეზები

საინვესტიციო ბანკებმა საქართველოში 2024 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დააკორექტირეს. თიბისი კაპიტალის შემთხვევაში მაჩვენებელი 7,4%-იდან 9%-მდე გაიზარდა. როგორც ორგანიზაციის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული, თიბისის არხებით განხორციელებული ტრანსაქციების ანალიტიკა აგვისტოშიც სავალუტო შემოდინებებისა და ზოგადად ეკონომიკური აქტივობის მაღალ დონეზე მიუთითებდა, ეს კი თავის მხრივ იწვევს ე.წ. ბუფერების დაგროვებას.

წინასწარი მონაცემებით, სახეზეა სებ-ის სავალუტო რეზერვების დამატებით შევსება. ამავდროულად, მნიშვნელოვანია სენტიმენტების ფაქტორიც, რაც, ბოლო პერიოდში იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის მნიშვნელოვან ზრდაში აისახება. ამ მხრივ თბს კაპიტალი ორ დასკვნას აკეთებს: პირველი, სავალუტო შემოდინებები იმდენად ძლიერია, რომ ეს გარემოება ლარის კურსზე არ ისახება. უფრო მეტიც, საერთაშორისო რეზერვების დაგროვების შესაძლებლობასაც აჩენს და მეორე, აღნიშნულიც სწორედ ბუფერია, რაც სენტიმენტების ცვლილებისას უკვე ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს.

ამასთან, ასევე საყურადღებოა, რომ აგვისტოში არარეზიდენტების წილი ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელებში ოთხთვიანი კლების შემდეგ კვლავ გაიზარდა. რაც შეეხება Galt and Taggart-ს, იანვარ-ივლისში დაფიქსირებული მოსალოდნელზე ძლიერი ზრდის გათვალისწინებით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მანაც 1%-ით 8%-მდე გაზარდა.

კვლევითი ორგანიზაცია, საქართველოს ეკონომიკურ პარამეტრების მიმოხილვისას აღნიშნავს, რომ ივლისში დაფიქსირებული 13%-იანი ზრდის წინაპირობა იყო ერთი მხრივ მშენებლობის, დამმუშავებელი მრეწველობის, ინფორმაცია და კომუნიკაციების, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობების და ვაჭრობის დარგების ზრდა.

მეორე მხრივ კი საბანკო სექტორი, სადაც გაცემული სესხები წლიურად 19.6%-ით გაიზარდა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ივლისში სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ 18.3% შეადგინა. სექტორების მიხედვით, კორპორატიული დაკრედიტება კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად 20.5%-ით გაიზარდა, ხოლო საცალო დაკრედიტების წლიური ზრდა 16.5% იყო; 2024 წლის ივლისში სესხების დოლარიზაცია 44.2%-მდე შემცირდა.

სტუმარი: ირაკლი მაკალათია - ეკონომისტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები