მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად საქართველოს სჭირდება დაკავშირებადობის ჰაბის როლის გამყარება - ADB

აზიის განვითარების ბანკი

აზიის განვითარების ბანკი (ADB) აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად საქართველოს სჭირდება რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის გაღრმავება და დაკავშირებადობის ჰაბის როლის გამყარება. ამის შესახებ ADB-ის მიერ გავრცელებულ მთავარ წლიურ გამოცემა „აზიის განვითარების პროგნოზი 2026“-ის ანგარიშშია აღნიშნული.

„გლობალური შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადად ინარჩუნებდა პოზიციებს და 2025 წელს ძლიერი, 7.5%-იანი ზრდა აჩვენა,“ - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა, - „მომატებულმა საგარეო რისკებმა, მათ შორის ომმა უკრაინაში და დაძაბულობამ ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა ზიანი მიაყენოს ეკონომიკურ აქტივობას, შეანელოს გლობალური აღდგენა და გაზარდოს ინფლაციური წნეხი. ამ კონტექსტში, ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად საქართველოს სჭირდება რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის გაღრმავება და დაკავშირებადობის ჰაბის როლის გამყარება. ეს მოითხოვს ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკაში მიმდინარე ინვესტიციების გაგრძელებას, რეგიონულ პარტნიორებთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, ვაჭრობის გაფართოებასა და კერძო სექტორის მხარდაჭერის გაზრდას.“

ADB-ის მიხედვით, საქართველო ისწრაფვის, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო, სავაჭრო და ლოგისტიკური ჰაბი გლობალური ღირებულების ჯაჭვებისთვის, თუმცა, გლობალურ ღირებულების ჯაჭვებში მონაწილეობის გასაძლიერებლად, ქვეყანამ პრიორიტეტად უნდა აქციოს კოორდინირებული პოლიტიკით გადადგმული ნაბიჯები დარჩენილი ინფრასტრუქტურული და მარეგულირებელი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

"ლოგისტიკას გააჩნია ძლიერი პოტენციალი ინტეგრაციის მხარდასაჭერად - ვაჭრობის შესაძლებლობების გაფართოების, კლასტერული განვითარების ხელშეწყობისა და ინტეგრირებული ეკონომიკური ზონების შექმნის გზით. მრავალმხრივი ჩართულობის გაღრმავება ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნას და სიღარიბის შემცირებას. პარტნიორების მხრიდან ღია და პროგნოზირებადი პოლიტიკის პირობებში, საქართველოს შეუძლია გამოიყენოს სტრატეგიული მდებარეობა და ინსტიტუციური სიძლიერე მიმწოდებელთა ქსელების გასაძლიერებლად და ღირებულების ჯაჭვში უფრო მაღალი პოზიციის დასაკავებლად", - წერს ADB.

აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები